09 ოქტ 2026
სტრასბურგში სკოლის მოსწავლეთა საპროტესტო აქცია ძალადობაში გადაიზარდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მანამდე მოზარდებმა საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში საშუალო სკოლების შესასვლელები გადაკეტეს და საპროტესტო მსვლელობები მოაწყვეს.
ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციები სკოლებში არსებულ მძიმე პირობებს უკავშირდება.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დღის განმავლობაში გამართულ საპროტესტო აქციებში 70 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათგან დაახლოებით 25 ათასი პარიზში, ბასტილიის მოედანზე გამართულ მთავარ აქციას შეუერთდა.
განათლების მინისტრმა ფრანგულ მედიასთან განაცხადა, რომ იმ სკოლებში, სადაც პერსონალის დეფიციტია, არსებული ვაკანსიების შესავსებად ათასობით შემცვლელ მასწავლებელს მოიზიდავენ. გარდა ამისა, გადაიხედება სკოლების გადატვირთული განრიგიც.