09 ოქტ 2026
აშშ-ის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დღეს მაიამიში უკრაინულ მხარეს შეხვდებიან, რათა ახალი იდეები განიხილონ და უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების მიზნით ერთიანი წინადადება შეიმუშაონ. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებიც.
უკრაინულ მხარეს წარმოადგენენ უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი და მთავარი მომლაპარაკებელი დავით არახამია. ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა შეხვედრაზე ასევე მიიწვიეს გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები, აგრეთვე ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
შეხვედრაში ევროპელი პარტნიორების მონაწილეობა უკრაინის პრეზიდენტმაც დაადასტურა. მისი თქმით, განხილული იქნება ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის - ცალკეულ სექტორებში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა.
ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებისას ყურადღება გამახვილდება საჰაერო თავდაცვის საკითხებზე, ხოლო ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრისას - უკრაინის დაფინანსების დაჩქარებაზე.