09 ოქტ 2026
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალი თაობის მხარდაჭერა და საჭადრაკო განათლების გაძლიერებაა. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, სალომე მელიას თქმით, ამ მიზნით 2027 წელი განათლების პრიორიტეტულ წლად გამოცხადდა. ამის შესახებ მან გადაცემა „ახალ დილაში“ ისაუბრა.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის განათლება და ახალი თაობების ხელშეწყობა. 2027 წელი ჭადრაკის ფედერაციაში განათლების პრიორიტეტულ წლად გამოცხადდა. ბოლო წლებში ქართულ ენაზე გამოიცა საჭადრაკო სახელმძღვანელოც, რაც მნიშვნელოვანია პედაგოგებისთვის, რათა ბავშვებს ჭადრაკი სწორად ასწავლონ. ამ მიმართულებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა“, -აღნიშნა სალომე მელიამ.
მისივე განმარტებით, ბავშვს ჭადრაკის სწავლა ოთხი წლიდან შეუძლია. წელს პირველად ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი 5, 6 და 7 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში.
რამდენიმე წლის წინ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ქალაქის საბავშვო ბაღებში ჭადრაკის სწავლების პროექტი დაინერგა.
„რამდენიმე წლის წინ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან გავაფორმეთ მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც საბავშვო ბაღებში ჭადრაკის სწავლების პროექტი დაინერგა“, -განაცხადა მელიამ.
სალომე მელიას თქმით, ჭადრაკის განვითარებაზე ზრუნვა მისთვის პირად მისიას უკავშირდება. აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია ახალგაზრდა თაობისთვის იმ შესაძლებლობების შექმნა იყო, რომლებიც თავად ბავშვობაში არ ჰქონდა.
„როდესაც აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი გავხდი, ჩემი მთავარი მოტივაცია იყო, ახალგაზრდა თაობისთვის შემექმნა ის შესაძლებლობები, რომლებიც თავად ბავშვობაში არ მქონდა. ვცდილობ, ხელი შევუწყო როგორც პატარა მოჭადრაკეებსა და სტუდენტებს, ისე ვეტერან სპორტსმენებს“, - აღნიშნა სალომე მელიამ.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია მომავალშიც გეგმავს მსგავსი პროექტების გაფართოებასა და ახალგაზრდა მოჭადრაკეების მხარდაჭერას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სალომე მელია წლებია ქართულ ჭადრაკში აქტიურად მოღვაწეობს. იგი აჭარის ჭადრაკის ფედერაციას ხელმძღვანელობდა, 2026 წლის ოქტომბრიდან კი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. ამასთან, იგი საქართველოს ქალთა ნაკრებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე კაპიტნობას უწევს. წელს ოლიმპიადაზე გუნდს კაპიტნისა და მწვრთნელის რანგში ახლდა.