ბათუმი ლიტერატურულ ფესტივალს „შემოდგომის სერენადა“ მასპინძლობს

09 ოქტ 2026

ბათუმში ლიტერატურული ფესტივალი „შემოდგომის სერენადა“ იწყება. ღონისძიება წელს ქალაქში უკვე მეოთხედ გაიმართება. ფესტივალის მნიშვნელობასა და წლევანდელ პროგრამაზე გადაცემაში „ახალი დილა“ აჭარის მწერალთა სახლის დირექტორმა, ლალი კონცელიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ფესტივალმა უკვე გადალახა ექსპერიმენტის ეტაპი, ხოლო ორგანიზატორებმა ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვეს.

„უკვე მეოთხე წელია, ტარდება. ეს აღარ არის ექსპერიმენტის სტადია. საკმაოდ ბევრი გამოცდილება მივიღეთ. ვინც ფესტივალებზე მუშაობს, ყველამ იცის, რომ ფესტივალზე მუშაობა იწყება ფესტივალის დამთავრების მეორე დღესვე, ანუ მომავალი წლის გეგმებზე“, - ამბობს ლალი კონცელიძე.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ავტორებთან შეხვედრები, პოეზიისა და მუსიკის საღამო ღია ცის ქვეშ, ლიტერატურული საათები სკოლებში და გასვლითი ტურები კულტურულ კერებში.

ლალი კონცელიძის თქმით, ფესტივალის დაარსების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბათუმისთვის საკუთარი ლიტერატურული ფესტივალის შექმნა და ღონისძიებებში საზოგადოების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა იყო.

„თავიდან რომ დავიწყეთ, ამოსავალი წერტილი ზუსტად ის იყო, რომ მიუხედავად ბათუმში ჩატარებული ლიტერატურული ღონისძიებებისა, ეს არასდროს ყოფილა უშუალოდ ბათუმის ფესტივალი. გვინდოდა, ყოფილიყო ჩვენგანაც, ბათუმელებს რატომ არ უნდა ჰქონდეთ საკუთარი ფესტივალი? დარბაზებიდან სწორედ ამიტომ გამოვედით, რომ ყველას ჰქონოდა შესაძლებლობა, ღია ცის ქვეშ გამართულ ამ მნიშვნელოვან ფორუმს არა მხოლოდ დასწრებოდა, არამედ მისი მონაწილეც ყოფილიყო“, - აღნიშნავს ლალი კონცელიძე.

მისივე თქმით, წლევანდელი ფესტივალის მთავარი ღირსება მოწვეული ავტორები არიან, რომლებთან შეხვედრის შესაძლებლობაც ბათუმელებს სამი დღის განმავლობაში ექნებათ.

„წლევანდელი ფესტივალის პლუსი და მთავარი ღირსება ის ადამიანები არიან, ვისაც ველოდებით. სამი დღის განმავლობაში ბათუმელებს ექნებათ საშუალება იმ ადამიანებთან ურთიერთობის, ვინც დღეს ფაქტობრივად ლიტერატურულ ამინდს ქმნის“, — ამბობს ლალი კონცელიძე.

მრავალფეროვანი შეხვედრებითა და საინტერესო დისკუსიებით დატვირთული ფესტივალის პროგრამა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალი 10 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ბათუმში, „მზის საათთან“ გაიხსნება.