საქართველოს რკინიგზის განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

09 ოქტ 2026

ახალი 200 ვაგონი, 50 ლოკომოტივი, ასევე ახალი რეისები, რკინიგზელთა ხელფასების 20 პროცენტიანი მატება და განახლებული ინფრასტრუქტურა - ასეთია საქართველოს რკინიგზასთან დაკავშირებით 10 წლიანი სამოქმედო გეგმა, რაზეც ვრცლად ქვეყნის პრემიერმა, ვიცე-პრემიერმა და უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრეს. 

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა აღნიშნა, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება პრიორიტეტია, მომდევნო წლების განმავლობაში, 2032 წლამდე მთლიანად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ანაკლიის მიმართულებით დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტზე, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაგეგმილია ახალი, 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება იქნება 200 მილიონი  დოლარი, სამშენებლო ტენდერი ოქტომბრის ბოლომდე გამოცხადდება.

ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულების შრომის ანაზღაურება 20 პროცენტით გაიზრდება. 

 მთავრობის მეთაურის თქმით, 154 წლის განმავლობაში რკინიგზელების არაერთი თაობა ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან საქმეს.