08 ოქტ 2026
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, „თოფუზი“ გრძელდება. მეოთხე საფესტივალო დღეს, აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში თანამედროვე ქართულ ანიმაციურ ფილმებში გამოყენებული ექსპონატების გამოფენა გაიმართა. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია თოჯინები, დეკორაციები, ინტერიერისა და ექსტერიერების მაკეტები სამი ფილმიდან.
დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ ფილმებში გაცოცხლებული ფიგურები რეალურად იხილონ და მათი შექმნის შესახებ ინფორმაცია, ასევე მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები თავად ავტორებისგან, ადგილზე მოისმინონ.
ასევე შესაძლებელია წარმოდგენილი ფიგურების გამოყენებით შექმნილ ანიმაციებს, გამოფენის პარალელურად ადევნონ თვალი.
ნამუშევრები საგამოფენო სივრცეში სამი დღის განმავლობაში დარჩება და მათი დათვალიერება მსურველებს უფასოდ შეუძლიათ. ორგანიზატორების განმარტებით მსგავსი გამოფენა პირველად იმართება და ამჯერად ნამუშევრების მხოლოდ ის ნაწილი გამოიფინა, რაც გალერეამ დაიტია.