არჩილ გორდულაძე პაატა ბურჭულაძეზე: შესაძლებელია ბულინგისგან გაქცევას ცდილობდეს ან საზოგადოებრივ აზრს ამ გადაწყვეტილებისთვის ამზადებდეს

08 ოქტ 2026

„ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“ – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის პირად გვერდზე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

ბურჭულაძე 4 ოქტომბრის საქმის მონაწილეების საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების საკითხს ეხმაურება, რასაც, მისი თქმით, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე ციხის გარეთ მყოფ „კეთილის მსურველებს“ მიმართავს და ამბობს, რომ პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა.

ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის ეროვნული კრების ერთადერთი ორგანიზატორი თავად იყო. წერილის შინაარსს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. 

"შესაძლებელია, რომ ბულინგისგან გაქცევას ცდილობდეს ან საზოგადოებრივ აზრს ამ გადაწყვეტილებისთვის ამზადებდეს. ფაქტი ერთია, რომ დადასტურებულია, მათ შორის, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტყუილებით გაჯერება, რომ საქართველოში არავითარი მშვიდობიანი აქციები 2024 წლის ნოემბერში ან დეკემბერში არ ტარდებოდა. არც 2025 წლის დასაწყისში, არც 2025 წლის 4 ოქტომბერს, ეს იყო ძალადობრივი აქციების გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რაც აღიარებული აქვს არა ერთ ან ორ ადამიანს, არამედ უშუალოდ ამ პროცესში მონაწილე ათეულობით პირს", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.