08 ოქტ 2026
"თანამშრომლობა საქართველოსთან" - ამ სახელწოდების რეზოლუცია ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო. დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საქართველოს რეზოლუცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.
გასული წლის მსგავსად, რეზოლუცია კონსენსუსით იქნა მიღებული, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.
რეზოლუციის მიხედვით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას.
რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2026 წლების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს.