გოჩა გოგიბერიძე: შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა ტრაგედიების თავიდან აცილების მთავარი პირობაა

08 ოქტ 2026

ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოველთვის უპირველესი პრიორიტეტია, თუმცა საწარმოო უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები კვლავ აქტუალურია.

გადაცემაში „ახალი დილა“ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა, გოჩა გოგიბერიძემ, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მუდმივი კონტროლისა და სტანდარტების მკაცრი დაცვის მნიშვნელობას.

მისი თქმით, ტრაგედიების პრევენცია მხოლოდ ერთი მხარის პასუხისმგებლობა არ არის - ეს საერთო ვალდებულებაა, რომელიც დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთელ საზოგადოებას აერთიანებს.

„ეს არის აქსიომათა აქსიომა, რომ უპირველეს ყოვლისა უნდა დაიცვას დამსაქმებელმაც, დასაქმებულმაც და ზოგადად საზოგადოებამ მაქსიმალურად დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები, რატომ? იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა გვაქვს საქმე ადამიანის სიცოცხლესთან. თუ ჩვენ ამ ნორმებს არ დავიცავთ, თუ ჩვენ ამ ნორმების დაცვის ხარისხზე არ ვიზრუნებთ - კერძო სექტორიც, დამსაქმებელიც, დასაქმებულიც და ზოგადად საზოგადოება. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, მივალთ ისევ ფატალურ შედეგებამდე, რაც ამ მძიმე ფაქტს ახლავს“, - განაცხადა გოგიბერიძემ.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის შეფასებით, ბოლო წლებში ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერება გაიზარდა. მისივე თქმით, ამის ერთ -ერთი მაგალითია შრომის უსაფრთხოების სფეროს შესწავლის მიმართ გაზრდილი ინტერესი.

გოგიბერიძის განცხადებით, განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელია სამშენებლო სექტორი. მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი სიმაღლეზე მუშაობისას უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვაა, ასევე აუცილებელია ობიექტებზე ისეთი დამცავი მექანიზმების არსებობა, რომლებიც სხვა მოქალაქეებსაც გადმოვარდნილი საგნებით დაზიანებისგან დაიცავს.

„მთლიანად სამშენებლო სექტორი, რომ ვთქვათ, ეს უმაღლესი რისკის მატარებელია, ამიტომ ყველა დეტალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ აუცილებლად გაუთვალისწინებლობას მოჰყვება ფატალური შედეგი“, - აღნიშნა გოგიბერიძემ.

მისივე თქმით, დასაქმებულმა სამუშაოს შესრულებისას ინდივიდუალური დაცვის საშუალებები აუცილებლად უნდა გამოიყენოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისგან ინსტრუქტაჟი მიიღოს.

„უპირველეს ყოვლისა, ეს არის, რომ სწორად იცოდეს... უნდა იცოდეს, რომ აუცილებლად, ყოველთვის სამუშაო პროცესში გამოიყენოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. აუცილებლად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისგან მიიღოს ინსტრუქტაჟი“, - განაცხადა გოგიბერიძემ.

მისივე თქმით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ დამცავი საშუალებები საკმარისი არ არის და აუცილებელია სამუშაო პროცესის მუდმივი კონტროლი და პრევენციული ზომების გატარება.

გოჩა გოგიბერიძის შეფასებით, 26 მაისის ქუჩის ტრაგედია ბათუმელებისთვის უდიდეს ტკივილად რჩება, თუმცა ამ მძიმე გაკვეთილმა საზოგადოებრივი ცნობიერება აამაღლა. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თქმით, გასული წლების მძიმე გამოცდილებამ აჩვენა, რომ უსაფრთხო გარემოს შექმნა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. მუდმივი ყურადღება, სწორი სწავლება და პასუხისმგებლობით სავსე მიდგომა არის ერთადერთი გზა, რათა მსგავსი ტრაგედიები მომავალში აღარასდროს განმეორდეს.