მანანა თანდაშვილი: AI-ის განვითარება ქართული ენისთვის ახალი გამოწვევაა - ტექნოლოგიური რესურსების 67% ინგლისურზე მოდის

08 ოქტ 2026

ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ქართული ენისთვის ახალ გამოწვევებს ქმნის. ფილოლოგიის დოქტორის, პროფესორ მანანა თანდაშვილის შეფასებით, ამ პროცესების გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა ენის უპირველეს, საკომუნიკაციო ფუნქციას შეუქმნას საფრთხე - ამის შესახებ პროფესორმა გადაცემაში „ახალი დილა“ ისაუბრა.

თანდაშვილის თქმით, მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 10% საუბრობს ინგლისურად, თუმცა ტექნოლოგიური რესურსების 67% სწორედ ინგლისური ენისთვის იქმნება. მისი განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ეს ნაკლებად გავრცელებული ენებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

„ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ თუ ჩვენ დღეს, არ გავაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შეგვიქმნა, ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით, რომ ქართული ენის უპირველესი, საკომუნიკაციო ფუნქცია პრაქტიკულად საშიშროების წინაშე დადგება“, - განაცხადა პროფესორმა.

მისივე თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩნდება ე.წ. „ტექ-კოლონიალიზმის“ საფრთხეც, რადგან ციფრული ტექნოლოგიები თავდაპირველად ძირითადად ინგლისური ენისთვის იქმნებოდა.

პროფესორმა აღნიშნა, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში მსოფლიოში დაახლოებით 7 000 ენა არსებობდა, რომელთაგან 2 650-მდე გაქრობის საფრთხის წინაშე იყო. ქართული ენა ამ ჯგუფში არ შედიოდა, რასაც იგი 16-საუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული ტრადიციითა და სახელმწიფო ენის სტატუსით ხსნის.