07 ოქტ 2026
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ნამდვილად არ არის ერთგვაროვანი განწყობები იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რა პოლიტიკასაც ევროკავშირის ბიუროკრატია აწარმოებს დღეს საქართველოსთან მიმართებაში, - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, ერთი რამ ფაქტია, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით 2024 წელს შეჩერდა დიალოგი საქართველოსთან.
„კანდიდატი ქვეყანა ქაღალდზეა თუ ქაღალდს მიღმა, კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ სერიოზულად უნდა შევხედოთ მაშინ ევროკავშირის გაფართოებას და აქ მხოლოდ საქართველოს პოზიცია, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი. მხოლოდ ბრიუსელიდან რა გვესმის, ეს მეორე საკითხია. მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ნამდვილად არ არის ერთგვაროვანი განწყობები იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რა პოლიტიკასაც ევროკავშირის ბიუროკრატია აწარმოებს დღეს საქართველოსთან მიმართებაში.
ერთი რამ ფაქტია, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით 2024 წელს შეჩერდა დიალოგი საქართველოსთან. შემდეგ სცადეს, რომ ეს ყველაფერი საქართველოსთვის გადმოებრალებინათ, რომ თითქოს საქართველომ შეწყვიტა ევროკავშირთან ევროინტეგრაციის პროცესი და ევროკავშირთან ურთიერთობები, რაც სიცრუეა. ეს ყოველ ჯერზე მტკიცდება. საქართველოს არასდროს უთქვამს არცერთ ღონისძიებაში ან არცერთ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი, სადაც მას მოწვევა ჰქონდა.
პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ეს საკითხები გამოიყენება რაღაცნაირად საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს პოზიციონირების წინააღმდეგ. ერთგვარად, ღიმილის მომგვრელია ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ იმაზეც მეტყველებს, რამდენად უსუსურია ეს ყველაფერი.
ეს პოლიტიკა, როდესაც მაგალითად შავი ზღვის უსაფრთხოებაზე აკეთებ შეხვედრას და იმ შეხვედრაზე არ გინდა, რომ საქართველო დაესწროს. დაკავშირებადობაზე იწვევ შეხვედრას და ამბიცია გაქვს ევროკავშირს, რომ ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობაზე ისაუბრო სერიოზულად და ამ შეხვედრაზე არ გყავდეს ის ქვეყანა, რომელიც გაკავშირებს ამ რეგიონებთან, მთავარი დამაკავშირებელი ქვეყანაა. ასეთი რაღაცები ხდება და ღიმილის მომგვრელია ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ ერთადერთ რაღაცას უსვამს ხაზს, რამდენად არასერიოზულია ის პოლიტიკა, თუ ის ნაბიჯები, რასაც დგამს ამ შემთხვევაში მოქმედი ევროკომისიის კონკრეტული სამსახურები. ეს არანაირად არ გვახარებს და არანაირად ნიშნის მოგებით არ ვსაუბრობთ ამაზე. პირიქით, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, დაკავშირებადობაზე როდესაც არის საუბარი, ეს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას სჭირდება, საერთო ევროპულ მომავალს სჭირდება. ამის ნაწილია საქართველო და არა თქმა უნდა, თუკი საქართველოსთან დიალოგი არ ექნება ევროკავშირს, ამ ყველაფერში წაგებული ევროკავშირიც იქნება, ევროპაც იქნება. შესაბამისად, ამაზე უნდა მოხდეს ფიქრი და გადახედვა იმ მიდგომების, რაც საქართველოსთან მიმართებაშია“, - აღნიშნა მან.