07 ოქტ 2026
გადაცემაში „შეხვედრის დრო“ მრავალწლიან პროექტზე „არ დაივიწყო ქართული“ პროექტის ავტორმა თამარ ტუღუშმა ისაუბრა.
მისი თქმით, წლევანდელი თეატრალური დადგმა „ფესვები საქართველოა“ მთლიანად ეძღვნება საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობასა და „გზა ილია მართლისგან ილია მეორემდე - საუკუნეთა შორის დიალოგის“ კონცეფციას.
„გასული წლის თეატრალური წარმოდგენა იყო „შეხვედრა კლასიკოსებთან“, რომლის ფარგლებშიც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გაზეთ „ივერიის“ ისტორია წარმოვაჩინეთ. წელს კი თემის შერჩევა უწმინდესის გარდაცვალებამ და იმ ემოციებმა განაპირობა, რომლებიც მის დაკრძალვის დღეებში გაერთიანდა. ამ დღეებში ადამიანებმა, მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, ეროვნებისა თუ განსხვავებული შეხედულებებისა, საერთო განცდა გაიზიარეს და ერთად დადგნენ. სწორედ ამ ერთიანობის განცდამ მოგვცა ბიძგი, რომ წლევანდელი წარმოდგენის მთავარი თემა ყოფილიყო „გზა ილია მართლისგან ილია მეორემდე - საუკუნეთა შორის დიალოგი“.
პროექტი წლიდან წლამდე სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს და მის გარშემო თითქოს ერთი დიდი ოჯახი იკვრება. წელს მას ხულოს ქორეოგრაფიული ანსამბლი „მარგნეთი“, ქედის სახელოვნებო სკოლის მუსიკალური ანსამბლი „ჰანგი“, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეები შეუერთდნენ''- თქვა თამარ ტუღუშმა.
როგორც თამარ ტუღუშმა აღნიშნა, წარმატებული მუშაობის მიღმა დიდი გუნდური შრომა დგას:
„პროექტისა და სცენარების სულისჩამდგმელი და ჩემი მარჯვენა ხელი გახლავთ პედაგოგი და ფილოლოგი შორენა ვერძაძე. ის 24-საათიან რეჟიმშია ჩვენთან კონტაქტზე. როგორც კი თემას შევარჩევთ, იწყებს მის საფუძვლიანად შესწავლას - აგროვებს მასალებს ბიბლიოთეკებსა და არქივებში, ეცნობა პუბლიცისტურ წერილებს, ძველი რედაქციებისა და გამოცემების მასალებს და ყველა მნიშვნელოვან ფაქტს ამუშავებს''-აღნიშნა თამარ ტუღუშმა.
მრავალწლოვანი პროექტი მუდმივ განვითარებაშია - სამომავლოდ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გასტროლები და პროექტის უცხოეთში წარდგენაც იგეგმება.