07 ოქტ 2026
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის, ლევან ბოლქვაძის განცხადებით, რეგიონში მცირე მარნების განვითარება და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან გადაცემაში „ახალი დილა“ ისაუბრა.
მისივე თქმით, 1945 წლისთვის აჭარაში მევენახეობის ფართობი 160 ჰექტარს აღწევდა, თუმცა 1990-იან წლებში ძველი ვენახების დიდი ნაწილი განადგურდა.
„ახლა იმ ნიშნულს მივაღწიეთ, ანუ 150 ჰექტარამდე რომ გვაქვს ფართობი. აქ ძირითადად წარმოდგენილია ცოლიკაურის და ჩხავერის სამრეწველო ჯიშები და მას მოჰყვება შემდეგ საწურავი, აჭარული ჯიში“, - განაცხადა ბოლქვაძემ.
მისი განცხადებით, აჭარაში მევენახეობის ძირითადი ფართობები ქედის მუნიციპალიტეტშია.
„ძირითადი წილი ქედის მუნიციპალიტეტზე მოდის - 120 ჰექტარის ფარგლებში. აქ გაფანტული ნარგავები არ მაქვს მხედველობაში, აქ არის მხოლოდ ზვრები, ვენახად წოდებული, რომელსაც გარკვეული სეგმენტი, ფართობი უჭირავს. თორემ გაფანტული ნარგავებიც თუ ჩავთვლით, შეიძლება 500 ჰექტარსაც და მეტს გადააჭარბოს“, - აღნიშნა ლევან ბოლქვაძემ.
ბოლქვაძის განცხადებით, აჭარაში მევენახეობის განვითარებას მარნებიც მიჰყვება. მისივე თქმით, რეგიონში ორი დიდი მარანია - „კტვ“-ს ღვინის ქარხანა ქედაში და ძმები ავალიანების მარანი, რომელსაც 30-40 ტონა ყურძნის მიღება და გადამუშავება შეუძლია.
„ჩვენს მევენახეებს ტრადიციული შემსყიდველები ჰყავთ წლების განმავლობაში. მაგალითად, ვის ცოლიკაურის ვაზი აქვს, ის როგორც ქალაქ ბათუმიდან, ასევე მეზობელი რეგიონებიდან მოდიან ფერმერები, ყიდულობენ და ამ მხრივ პრობლემა არ არის“, - განაცხადა ბოლქვაძემ.
რაც შეეხება ყურძნის ფასს, ბოლქვაძის თქმით, გასულ წელს ცოლიკაური ხარისხის მიხედვით 3-4 ლარის ფარგლებში გაიყიდა, ჩხავერის ფასი კი 3 ლარიდან იწყებოდა და 6-7 ლარსაც აღწევდა.
ლევან ბოლქვაძის განცხადებით, მევენახეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოსავლიანობის სტაბილურობის შენარჩუნება და ხარისხის გაუმჯობესებაა. მისივე თქმით, აჭარის მაღალტენიან კლიმატში სოკოვანი დაავადებები სწრაფად ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი აგროტექნოლოგიების დროული გამოყენება.
„სამინისტროს აქვს სპეციალური პროგრამები ფერმერთა მხარდასაჭერად. ჩვენ ყოველწლიურად ვეხმარებით მევენახეებს როგორც თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაში, ისე შესაბამისი შხამქიმიკატებისა და სასუქების სწორად შერჩევასა და გამოყენებაში“, - აღნიშნა ბოლქვაძემ.