ჯემალ სურმანიძე: ბათუმში რამდენიმე სკოლაში დამატებითი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს

07 ოქტ 2026

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ჯემალ სურმანიძის განცხადებით, ბათუმში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის გამო რამდენიმე საჯარო სკოლაში დამატებითი სასწავლო კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ჯემალ სურმანიძემ გადაცემაში „ახალი დილა“ ისაუბრა.

მისივე თქმით, ბათუმში მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად 1 000-2 000-ით იზრდება, რის გამოც დამატებითი სასწავლო სივრცეების შექმნის საჭიროება დადგა.

„ყოველწლიურად 1000-2000 მოსწავლით მეტის მიღება ხდებოდა, ვიდრე სკოლა ამთავრებდა, აი პირველკლასელების და მე-12 კლასელების რაოდენობის შედარება ამის კარგ მაგალითს იძლეოდა და ამიტომ ჩვენ ბათუმის პირველ სკოლაში, მე-6 სკოლაში ავაშენეთ დამატებითი კორპუსები“, - განაცხადა სურმანიძემ.

მისივე თქმით, წელს ბათუმის №3 საჯარო სკოლაში 600 მოსწავლეზე გათვლილი დამატებითი კორპუსი გაიხსნა.

№14 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, ინასარიძის ქუჩაზე, 1 000 მოსწავლეზე გათვლილი სასწავლო კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასევე შენდება სააქტო დარბაზი და სხვა სარეკრეაციო სივრცეები.

რაც შეეხება №18 საჯარო სკოლას, სურმანიძის განცხადებით, მის ტერიტორიაზე 1 500 მოსწავლემდე გათვლილი კორპუსი შენდება. პროექტის ფარგლებში დიდი ღია სპორტული მოედნის მოწყობაც იგეგმება.

„მნიშვნელოვანია, რომ გარდა სასწავლო კორპუსისა, ამ ტერიტორიაზე მოეწყობა დიდი ღია სპორტული მოედანი, რომელიც დააკმაყოფილებს რაგბის, ფეხბურთის სტანდარტებს, ასევე სპორტის სხვა სახეობებს და გარდა სასწავლო ნაწილისა იქნება სპორტის მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ბათუმის №31 საჯარო სკოლაშიც, რომელიც თოდოგაურის დასახლებაში მდებარეობს და ეს დასახლებაც უკვე ბათუმის ტერიტორიის შემადგენლობაშია.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ბათუმში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მოსწავლეთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ გრძელდება.