07 ოქტ 2026
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ჯემალ სურმანიძის განცხადებით, წელს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამის ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს. მისივე თქმით, 2013 წელს პროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარი იყო - ამის შესახებ ჯემალ სურმანიძემ გადაცემაში „ახალი დილა“ ისაუბრა.
„შედარებისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ 3 მილიონი იყო 2013 წლისთვის სკოლების ინფრასტრუქტურის პროგრამის ბიუჯეტი, წელს უკვე არის 50 მილიონი. რა თქმა უნდა, ბიუჯეტთან ერთად იზრდება ის მასშტაბებიც, გამოწვევებიც და უფრო და უფრო მეტ პროექტს ვახორციელებთ“, - განაცხადა სურმანიძემ.
მისივე თქმით, აჭარაში 230 საჯარო სკოლაა, სადაც 70 000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, წელს ახალი სასწავლო წელი ოთხი ახალი სკოლითა და 25-ზე მეტი სრულად ან ნაწილობრივ რეაბილიტირებული სკოლით დაიწყო. წლის ბოლომდე კი კიდევ 20 საჯარო სკოლის სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია დასრულდება.
„ჯამში შეიძლება ითქვას, რომ წელს 4 ახალი სკოლით შევხვდით ახალ სასწავლო წელს, 25-ზე მეტი სრული ან ნაწილობრივ რეაბილიტირებული სკოლით და წლის ბოლომდე კიდევ 20 საჯარო სკოლის სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია დასრულდება, აქტიურ ფაზაშია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სურმანიძის განცხადებით, ამ ეტაპზე აჭარის რეგიონში შვიდი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი თქმით, პროექტების დიდი ნაწილი ბათუმშია და მოსწავლეთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.
„შვიდი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს ამ ეტაპზე აჭარის რეგიონში, დიდი ნაწილი ბათუმში არის და ეს დაკავშირებულია სწორედ მოსწავლეთა რაოდენობის ზრდასთან, ხოლო რაც შეეხება მუნიციპალიტეტებში, ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტები უკავშირდება ძველი, უკვე ტექნიკურად გაუმართავი შენობების ნაცვლად ახლის მშენებლობას ან მათ სრულ თუ ნაწილობრივ რეაბილიტაციას“, - განაცხადა ჯემალ სურმანიძემ.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს როგორც ბათუმში, ისე მუნიციპალიტეტებში. ქედის მუნიციპალიტეტში ზვარეს საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის მშენებლობა და არსებული სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხულოს მუნიციპალიტეტში კი დანისპარაულის საჯარო სკოლის მშენებლობა.
სურმანიძის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სკოლის მშენებლობა იგეგმება, მათ შორის ბობოყვეთის, მუხაესტატესა და კონდიდის, ქვედა სამების საჯარო სკოლების. ასევე დაგეგმილია ციხისძირის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კი თხილნარის №2 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერის გამოცხადება იგეგმება. ზემო თხილნარის საჯარო სკოლის პროექტი კი მომზადების ეტაპზეა. მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტები ასევე იგეგმება ჭარნალსა და ახალსოფელში.
მისივე ინფორმაციით, მახინჯაურის საჯარო სკოლაში წელს ახალი დამატებითი კორპუსი გაიხსნა. პროექტი გაგრძელდება და კიდევ ერთი ძირითადი კორპუსი აშენდება, რომელშიც ყველა საჭირო სივრცე იქნება.