06 ოქტ 2026
"ძლიერი საქართველო- ლელოს" წევრები აჭარის კულტურის სამინისტროს მიმართავენ.
პოლიტიკური გაერთიანების წევრების თქმით, ბათუმში, მაიაკოვსკის 55 ნომერში მდებარე შენობა ავარიულია, კედლები დაბზარულია და ინფრასტრუქტურა რეაბილიტაციას საჭიროებს. მათივე განმარტებით, აღნიშნულ შენობაში მოზარდები ცეკვასა და სპორტის სხვადასხვა მიმართულებას ეუფლებიან.
"ძლიერი საქართველო- ლელოს" წევრების თქმით, შენობა ბონის კულტურის სახლს წარმოადგენს, აქედან ნაწილი აჭარის აკადემიური ანსამბლს "არსიანს" ეკუთვნის, ნაწილი კი "ბასკოს". აქვე განაცხადეს, რომ შენობას რამდენჯერმე რეაბილიტაციაც ჩაუტარდა.
ოპოზიცია აკონკრეტებს რომ საუბარია შენობის უკანა ნაწილზე. ოპოზიცია ასევე კულტურის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და კითხვებზე პასუხებს ითხოვს, მათ შორის: რა მდგომარეობაშია შენობა, ჩაუტარდა თუ არა ტექნიკური შეფასება, რა სამუშაოებია დაგეგმილი და რატომ უწევთ მოზარდებს პოტენციურად საფრთხის შემცველ გარემოში საქმიანობა.
ჩვენი გადამღები ჯგუფი უწყებას დაუკავშირდა. კულტურის სამინისტროს განცხადებით, შენობა, რომელსაც ბზარი აქვს არ არის სამინისტროს ბალანსზე.