ირაკლი კირცხალია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას, ჩვენ ევროკავშირის წევრობა გვსურს არა ნებისმიერ ფასად და არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე

06 ოქტ 2026

"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას" - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებას.

კირცხალიას თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრობას ნებისმიერ ფასად და ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ ირჩევს.

"ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვას დონეს ჩამორჩება და ამიტომ გაწევრიანების საგზაო რუკას ვერ მიიღებს.

თუ დღეს ბრიუსელში „წინსვლად“ ითვლება ის, რამდენად უსიტყვოდ ასრულებს ქვეყანა კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნებს, მაშინ ეს უკვე დამსახურებაზე დაფუძნებული ევროპული ინტეგრაცია კი არა, უსიტყვო მორჩილების შეფასებაა.

საქართველოს ხელისუფლებამ არა ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების განხორციელება შეუძლია, მაგრამ ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, ეროვნული ინტერესები და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებების პატივისცემა.

ჩვენ ევროკავშირის წევრობა გვსურს არა ნებისმიერ ფასად და არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!

ჩვენ პატივს ვცემთ იმ ევროპას, სადაც საქართველოს პატივს სცემენ როგორც თანასწორ სახელმწიფოს და არა ქვეყანას, რომელსაც გარედან უთითებენ, რა უნდა დათმოს იმისთვის, რომ „კარგი მოსწავლის“ სტატუსი დაიმსახუროს.

და ბოლოს, ქალბატონი ევროკომისრის „საგზაო რუკით“ ვინც ქვეყანაში არეულობა და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა დააპირა, ახლა საპატიმროებში სასჯელს იხდიან და საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. საქართველოს „საგზაო რუკა“ ითვალისწინებს ღირსებით სვლას, რომლითაც აუცილებლად ყველა წარმატებას მიაღწევს,"- წერს ირაკლი კირცხალია.