06 ოქტ 2026
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონის მოსახლეობისთვის გულის ქირურგია 100%-ით ფინანსდება, რაზეც წლიურად 5 მილიონ ლარამდე იხარჯება, პროგრამით კი 3 500-მდე პაციენტი სარგებლობს.
ამის შესახებ, ნინო ნიჟარაძემ "მთავარის" ეთერში საუბრისას განაცხადა.
"მოგეხსენებათ, რომ გულის ქირურგია, ჯანმრთელობის მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული, ის 100%-ით გახლავთ დაფინანსებული ჩვენს რეგიონში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღმა. თანადაფინანსება აჭარის რეგიონში სრულიად ივსება და ჩვენ ასეთი ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს, დაახლოებით 3500 პაციენტი ტარდება ყოველწლიურად და 4.5-დან 5 მლნ ლარამდე იხარჯება.
გულის მიმართულებით არ მახსენდება ჩარევა, რომელიც არ ფინანსდებოდეს ან ცენტრალური, ან ჩვენი სამინისტროს მიერ. 100%-ით ხდება სრულიად შევსება - ვგულისხმობ გულის ქირურგიას, ანუ ჩარევას. უკვე წელიწადზე მეტია, ჩვენ ვაფინანსებთ აორტის სარქვლის იმპლანტაციას განაკვეთის გარეშე, რომელსაც განსაკუთრებული ჩვენება აქვს, რომელიც ორი ასოციაციის დასკვნით არის გამყარებული. ეს გახლავთ კარდიოქირურგიისა და კარდიოინტერვენციონისტთა ასოციაციების დასკვნები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ აუცილებელია ამ ჩარევის ჩატარება სწორედ ამ წესით.
24-ზე მეტი ჩარევა გვაქვს უკვე დაფინანსებული, პაციენტის მიდევნება ხდება შემდგომ პერიოდში და რა თქმა უნდა, ეს არის განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფი, რომელთანაც ღია წესით ოპერაციის ჩატარების რისკია.
რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა ისევ გრძელდება და ჩვენ მუდმივად ვართ კლინიკებთან ამ კომუნიკაციაში, ვინაიდან ისევ კლინიკებისა და კარდიოინტერვენციონისტების მიერ ინიცირებული თემა გახლდათ ეს თემა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო პილოტურად აკვირდება აღნიშნული სერვისის დაფინანსების მოდელს,"- აცხადებს ნინო ნიჟარაძე.