ანიმაციური ფილმების მეთვრამეტე საერთაშორისო ფესტივალს "თოფუზს" დღეს შუახევის ხელოვნების სკოლამ უმასპინძლა

06 ოქტ 2026

ანიმაციური ფილმების მეთვრამეტე საერთაშორისო ფესტივალს „თოფუზს“ დღეს შუახევის ხელოვნების სკოლამ უმასპინძლა. ფესტივალის მიზანი ანიმაციის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესებაა. ფესტივალის პროგრამა ანიმაციური ფილმების ჩვენებებს, მასტერკლასებსა და ვორკშოპებს აერთიანებს.

შუახევში გამართულ შეხვედრას ფესტივალის დირექტორი ზურაბ დიასამიძე უძღვებოდა. მონაწილეებმა ანიმაციის შექმნის პროცესი პრაქტიკულად გაიარეს  შეარჩიეს პერსონაჟები, შექმნეს მათი სახეები, მოამზადეს ფონი და საბოლოოდ საკუთარი ნამუშევრები ანიმაციად აქციეს.

ხვალიდან „თოფუზი“ ბათუმში გადმოინაცვლებს, სადაც 7-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით ფესტივალის ძირითადი პროგრამა გაიმართება. წლევანდელ ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი 100-ზე მეტი ანიმაციური ფილმია წარმოდგენილი.

ფესტივალი 10 ოქტომბერს დახურვის ცერემონიით დასრულდება, სადაც ჟიური გამარჯვებულ ფილმებს გამოავლენს.