06 ოქტ 2026
ოპოზიციის მიზანია გააშავონ ისინი, ვისაც 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება სურთ. ოპოზიციამ მანდატები მიატოვა, მიატოვეს მომხრეები, რომლებიც გამოიყენეს ფეიკ რევოლუციისთვის და აღმოჩნდნენ რთულ მდგომარეობაში - ეს განცხადება, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, ოპოზიცია კონკრეტული ადამიანების მიმართ „სინდისის პატიმრის“ სტატუსს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. რეგიონის პირველი კანონმდებლის თქმით, როდესაც პირი დანაშაულს არ აღიარებს, ოპოზიცია მას სინდისის პატიმრად აცხადებს, ხოლო დანაშაულის აღიარების შემთხვევაში იგივე ადამიანი უკვე "უსინდისო პატიმრად“ არის მიჩნეული.
ხელისუფლების პოზიციით, ოპოზიციის მთავარი მიზანი პატიმრების არსებობის ფონზე პოლიტიკური დღის წესრიგის შენარჩუნებაა და ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების შესახებ ვირტუალური სურათის შექმნა.
ცოტნე ანანიძის შეფასებით, ოპოზიციამ უკვე დაკარგა მანდატები და ფეიკ რევოლუციის მცდელობით ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი, არ გააჩნიათ პარტიული ოფისები, რის გამოც პატიმრების თემის გამოყენებით პოლიტიკური არსებობის გაგრძელებას ცდილობს.
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ე.წ. უწყვეტი პროტესტიც ოპოზიციის პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია, თუმცა ის საზოგადოებისთვის უკვე უინტერესო და უშედეგო პროცესად იქცა, რაც კიდევ უფრო ასუსტებს და მეტად ძირავს ჭაობში მას.
"ძალიან მკაფიო მოცემულობაა საქართველოში. კონკრეტულ ადამიანზე, რომელიც არის მსჯავრდებული, რა ტიპის მაღალი სტანდარტიც არ უნდა იყოს, თუ ის არ აღიარებს დანაშაულს, ოპოზიციას შერაცხული ჰყავს როგორც სინდისის პატიმარი. როგორც კი დანაშაულს აღიარებს ანუ ფაქტობრივ გარემოებას, ოპოზიციის მხრიდან შერაცხულია უკვე უსინდისო პატიმრად.
მიზანი რა არის ამ ყველაფრის? - ოპოზიცია არის განულებული გარეთ და ცდილობენ პატიმრების არსებობით, არსებობა შეინარჩუნონ. ოპოზიცია არის ჭაობში და ჭაობში რაც უფრო მეტად მოძრაობ, მით მეტად იძირები. ოპოზიციამ მანდატები მიატოვა, მიატოვეს მომხრეები, რომლებიც გამოიყენეს ფეიკ რევოლუციისთვის და აღმოჩნდნენ რთულ მდგომარეობაში." - აცხადებს ცოტნე ანანიძე