წყალტუბო, როგორც „Wellness Paradise of Georgia“ — საერთაშორისო კინოფესტივალის კონცეფცია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს წარმოაჩენს

06 ოქტ 2026

წყალტუბოსა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე, კინოსა და ველნესის მიმართულების სინთეზზე მსჯელობენ გადაცემა „შეხვედრის დროს“ სტუმრები - ფესტივალის დამფუძნებელი ნატალია სტიუარტ-ფოქსი და კალიფორნიის Venice Beach-ის ველნეს კინოფესტივალის დირექტორი, ექიმი, რეჟისორი და პროდიუსერი კლერ ენიამ-ოსიგვე.

ქალბატონი ნატალია განმარტავს Wellness Film Fest-ის მნიშვნელობას და საუბრობს ფესტივალის შესახებ:

,,2023 წელს დავაარსეთ საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალი, რომელიც შემდეგ ბათუმში გაგრძელდა. ფესტივალის მთავარი მიზანი რეგიონების პოპულარიზაცია და მათი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მხრიდან. წყალტუბო, როგორც ვიცით, ისტორიულად გამაჯანსაღებელი კურორტი და ერთგვარი wellness-ჰაბია. დღეს მისი ძველი სტატუსის დაბრუნებაზეა საუბარი და ჩვენც ვცდილობთ, კიდევ უფრო ავამაღლოთ წყალტუბოს ცნობადობა, როგორც „Wellness Paradise of Georgia“-ს.

მსოფლიოში მედიცინასა და ტურიზმში wellness უკვე ცალკე, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც ადამიანის სხეულისა და სულის კეთილდღეობაზე, აღდგენასა და ტრანსფორმაციაზეა ორიენტირებული. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა ეს კონცეფცია, ფაქტობრივად, წყალტუბოს ტურისტული ფესტივალის რებრენდინგისთვის გამოგვეყენებინა.“

ნატალია სტიუარტ-ფოქსმა ისაუბრა კალიფორნიის ტურისტული ფესტივალის შესახებაც, რომელიც წყალტუბოს ფესტივალის ანალოგიაა:

,,ჩვეულებრივ, როდესაც რაიმე იდეა მიჩნდება, ვცდილობ, პირველ რიგში, კვლევა ჩავატარო და ვნახო, მსოფლიოში მსგავსი რამ თუ არსებობს. სწორედ ამ კვლევის დროს აღმოვაჩინეთ Wellness Film Fest, რომელიც კალიფორნიაში, Venice Beach-ში ტარდება.

ეს არის ფესტივალი, რომელიც კინოსა და wellness-ის იდეებს აერთიანებს. მისი დამფუძნებელი და ფესტივალის დირექტორი არის რეჟისორი, ექიმი და პროდიუსერი კლერ ენიამ-ოსიგვე. მისი ხედვა ძალიან ახლოს აღმოჩნდა იმასთან, რასაც ჩვენ წყალტუბოს შემთხვევაში ვაკეთებთ.

ამიტომ ჩვენთვის ეს პარტნიორობა განსაკუთრებით საინტერესოა - ერთი მხრივ, გვაქვს წყალტუბოს ისტორიული გამოცდილება, როგორც გამაჯანსაღებელი კურორტის, და, მეორე მხრივ, თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც კინოსა და wellness-ს ერთმანეთთან აკავშირებს.

ჩვენი ფესტივალი საერთაშორისო FilmFreeway პლატფორმაზეა განთავსებული. 24 სექტემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში 42 ქვეყნიდან 350 ფილმი მივიღეთ.

მათგან შევარჩიეთ რამდენიმე ნამუშევარი, რომლებიც კარგად ასახავს ადამიანის ტრანსფორმაციის პროცესს wellness-ის სხვადასხვა მეთოდის საშუალებით - იქნება ეს იოგა, ქოუჩინგი, სხვადასხვა რიტუალი თუ სუნთქვითი ვარჯიშები.

და ბოლოს, ტურიზმი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამ მიმართულებით საქართველოს ცნობადობის გაზრდაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, wellness-ის მიმართულებით საქართველოს პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენა ქვეყანას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.“

ფესტივალის შესახებ ისაუბრა კალიფორნიის Venice Beach-ის ტურისტული კინოფესტივალის დირექტორმა, რეჟისორმა, ექიმმა და პროდიუსერმა კლერ ენიამ-ოსიგვემ:

,,მინდოდა, ფიზიკურ გაჯანსაღებასთან ერთად ადამიანებისთვის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების შესაძლებლობაც შემეთავაზებინა. ამის საშუალებას კი კინემატოგრაფია გვაძლევს, ფილმებიდან მიღებული ემოცია და შთაბეჭდილება ადამიანს დიდხანს მიჰყვება.

ამიტომ ვეცადე, გაჯანსაღებასთან ერთად ადამიანებისთვის ეს გამოცდილებაც შემეთავაზებინა. მედიცინის, კინოსა და ტურიზმის გაერთიანებამ აუდიტორიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემზე კი განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა წყალტუბომ, ბათუმმა და, ზოგადად, საქართველომ.

მინდა, ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ შესაძლებლობის შექმნაში მონაწილეობს.

საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს Wellness Film Fest-ის ჩასატარებლად. აქ არის მინერალური კურორტები, სანატორიუმები, ორგანული და უგემრიელესი კერძები, ქართული ეროვნული ცეკვები და სიმღერები, ზღვა და პლაჟი, მთები, ასევე თანამედროვე ქალაქური ცხოვრება.

ეს ყველაფერი ერთად ქმნის უნიკალურ და ძალიან საინტერესო ნაზავს, რაც საქართველოს wellness-ის მიმართულებით განსაკუთრებულ და მიმზიდველ ადგილად აქცევს.“ - აღნიშნა კლერ ენიამ-ოსიგვემ.