დენის სალუქვაძე: აჭარაში მეფუტკრეობის ცენტრის შექმნა იგეგმება

06 ოქტ 2026

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის, დენის სალუქვაძის განცხადებით, რეგიონში მეფუტკრეობის ცენტრის შექმნა იგეგმება. მისივე თქმით, ცენტრი მეფუტკრეების მხარდაჭერასთან ერთად თაფლის წარმოების ტრადიციისა და კულტურის პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს. ამის შესახებ მინისტრმა ქობულეთში მეფუტკრეობის მიმართულებით არსებული მეურნეობების მონახულების შემდეგ, გადაცემაში „ახალი დილა“ ისაუბრა.

„მეფუტკრეობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მეფუტკრეობა ზოგადად ტრადიციული დარგია, ჩვენი სოფლის მეურნეობის გამორჩეული მიმართულებაა, რასაც სამინისტრო არაერთი პროგრამით უჭერს მხარს“, - განაცხადა დენის სალუქვაძემ.

მისივე თქმით, მეფუტკრეობის ცენტრში მუზეუმის კომპონენტიც იქნება, სადაც ვიზიტორებს თაფლის წარმოების ისტორიისა და ტრადიციის გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.

„მეფუტკრეობის ცენტრის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მეფუტკრეებს, მათ შორის იქ იქნება ეგრეთ წოდებული მუზეუმის კომპონენტი, სადაც ეს ტრადიციული, ისტორიული მონაკვეთიც იქნება და შესაძლებლობა იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ვიზიტორებს გაეცნონ ჩვენი თაფლის წარმოების კულტურას“, - აღნიშნა მინისტრმა.

სალუქვაძემ ასევე ისაუბრა სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებების განვითარებაზე. მისი თქმით, იგეგმება ჩაის სექტორის მხარდაჭერა და ჩაის აღდგენის პროგრამის განხორციელება.

„კენკროვანი, მოგეხსენებათ, ახალი მიმართულებაა შედარებით რეგიონში და ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. მაღალმთიანეთში, იცით, ჟოლოს კულტურა არის, მოცვის კულტურა არის, მათ შორის ქობულეთის მიმართულებით და საკმაოდ აქტიურად ვითარდება და იზრდება ბაღების რაოდენობა“, - განაცხადა დენის სალუქვაძემ.

მისივე თქმით, ფერმერებს თანამედროვე მიდგომებისა და სპეციალისტებისგან ცოდნის მიღების შესაძლებლობა აგროსერვისის ბაზაზე ექნებათ.