06 ოქტ 2026
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის, დენის სალუქვაძის განცხადებით, წელს სამინისტროს პროგრამების ფარგლებში 4 000-მდე ფერმერის დაფინანსებაა გათვალისწინებული. ამის შესახებ მინისტრმა გადაცემა „ახალ დილაში“ ისაუბრა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს სამინისტრომ სხვადასხვა მიმართულებით 6 000-მდე განაცხადი დაამუშავა.
"წლის დასაწყისში 2 000-მდე ფერმერის დაფინანსება გვქონდა გათვალისწინებული, წლის ბოლოსთვის უკვე 4 000-მდე გვაქვს და უპრეცედენტოდ მაღალი იყო განაცხადის მომართვიანობა 6 000-მდე განაცხადი დაამუშავა სამინისტრომ სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა დენის სალუქვაძემ.
მინისტრის თქმით, პროგრამების დაგეგმვისას აქცენტი ფერმერების საჭიროებებზე გაკეთდა და გაიზარდა თანადაფინანსების წილი. მისი განცხადებით, აჭარაში მცირემიწიანობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერა.
„ფაქტობრივად, არ არსებობს საჭიროება ბაღის გაშენებისთვის - გარდა იმისა, რომ მიწა უნდა ჰქონდეს ჩვენს ფერმერს საკუთრებაში - მიიღებს ნერგის თანადაფინანსებას, სარწყავი სისტემის, მულჩის ფირის, ნებისმიერი მიმართულებით კონსულტაციას, მათ შორის აგრონომების კონსულტაციას“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, აგრომეწარმეობის მიმართულება წელს ოთხ ქვეკომპონენტად დაიყო. მათ შორისაა სტარტაპების მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს თანადაფინანსება 100 000 ლარამდეა, ხოლო აგროინვესტიციის მიმართულებით მსხვილი პროექტებისთვის თანადაფინანსება 300 000 ლარამდეა გათვალისწინებული.
სალუქვაძემ ასევე ისაუბრა ახალგაზრდების მხარდაჭერაზე. მისი თქმით, ამ მიმართულებით სამინისტროს თანამონაწილეობა 90%-ს შეადგენს.
„ვფიქრობ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა ის, რასაც სამინისტრო რეგიონში ახორციელებს. მათ შორის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მუნიციპალიტეტებთან, ვიკვლევთ საჭიროებებს“, - განაცხადა დენის სალუქვაძემ.