მაია ნიკოლეიშვილი: 4 ოქტომბრის მოვლენები და პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეჭრა სახელმწიფო წყობილების შეცვლის ორგანიზებული მცდელობა იყო

06 ოქტ 2026

4 ოქტომბრის მოვლენები და პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეჭრა სახელმწიფო წყობილების შეცვლის ორგანიზებული მცდელობა იყო - ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში''.

ნიკოლეიშვილის თქმით, ტელევიზიით პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეჭრის კადრების ნახვა მისთვის მძიმე ფსიქოლოგიური გამოცდილება იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაახსენა.

„4 ოქტომბერი ძალიან კარგად მახსოვს . ეს იყო ჩემთვის ძალიან სერიოზული, ფსიქოლოგიური ტრავმა… მართლა ძალიან განვიცადე, იმიტომ რომ უცებ წამოვიდა ის ყველაფერი, რაც იმ პერიოდში ხდებოდა… მომენტალურად გამიტრიგერდა ის, რომ ,,ნაციონალების'' ხელში საქართველო ისევ არ დაბრუნებულიყო“, - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა. 

ექსპერტის შეფასებით, სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით არსებითი არ არის, რა სახის წინააღმდეგობის გადალახვა მოუწიათ აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შესასვლელად. მისი თქმით, მთავარი მათი გაცხადებული მიზანი და განხორციელებული ქმედებაა.

„ეს იყო ჩვეულებრივი ორგანიზებული აქტივობა… ღობეზე გადაძვრები, ბუჩქებზე გადააბიჯებ რა მნიშვნელობა აქვს? ნებისმიერ შემთხვევაში, იქ რომ საერთოდ ბუჩქნარი ყოფილიყო და ამბობ, რომ პრეზიდენტის სასახლეში შევდივარო… ეს უკვე შეჭრა არის, თან როდესაც გაცხადებული გაქვს მიზანი, რისთვის შედიხარ. შენ ის მოქმედება განახორციელე, რომ იქ აპირებდი შესვლას და შეხვედი“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული პროცესი ხელისუფლების დამხობას ისახავდა მიზნად და სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება უნდა მოეხდინა.

„ეს იყო სახელმწიფო წყობილების შეცვლის მცდელობა და, რა თქმა უნდა, აქ ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო… ამ ადამიანებმა განაცხადეს თავიანთი მიზანი და მიზნის სისრულეში მოსაყვანად ისინი შევიდნენ იქ. აბა, სახელმწიფოს არ დაეშვა, რომ ხელისუფლება შეცვლილიყო?“ - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.