06 ოქტ 2026
„2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები როგორც ისტორიული ფაქტი შედგა, ასევე დაფიქსირდა და ისტორიაში შევიდა როგორც არშემდგარი რევოლუცია, რომლის მიზანიც ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტარმა ირაკლი შატაკიშვილმა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ისაუბრა.
„წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში არც ერთი პოლიტიკური პარტია თუ დაჯგუფება არ ყოფილა დაკავებული მოსახლეობასთან რეალური კომუნიკაციით. მათ კომუნიკაცია მხოლოდ „გარე დამკვეთებთან“ ჰქონდათ და ეს ძალიან შესამჩნევი იყო.
ჩვენ და საზოგადოება ვისმენდით ძირითადად მუქარისა და შანტაჟის შემცველ მესიჯებს, რასაც შემდეგ მოჰყვა ის, რაც მოჰყვა - 4 ოქტომბერს ვიხილეთ კონკრეტული მოქმედებები და მოვლენები, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, სწორედ იმ წინასაარჩევნო რიტორიკის გაგრძელება იყო. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო მოწოდებები პოლიციელების მიმართ - დაეტოვებინათ სამსახურებრივი მოვალეობები, შეერთებოდნენ ბოიკოტს და ხელისუფლების დამხობის პროცესს“, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
შატაკიშვილმა ასევე ისაუბრა სარჩელის შესახებ და აღნიშნა, რომ სწორი იყო გადაწყვეტილება, როდესაც კონსტიტუციური გარანტია შეიქმნა, რომლის საფუძველზეც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნა.
„ყოველდღე, მას შემდეგ, რაც ისინი ხელისუფლებაში აღარ არიან, უნდა იდგნენ და ქართველ ხალხს ბოდიშს უხდიდნენ იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს და რომლებიც დეტალურად არის აღწერილი ოთხასგვერდიან დასკვნაში. ამის ნაცვლად კი დგანან და ასეთი უტიფრობით საუბრობენ გაუგონარ ამბებზე. საპარლამენტო კომისიის მიერ მომზადებული სწორედ ეს მასალები დაედო საფუძვლად საკონსტიტუციო სარჩელს.
შეიძლება, ჩვენ არაერთ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები გვქონდეს, ვიყოთ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, ვიზიარებდეთ განსხვავებულ იდეოლოგიასა და ხედვებს, მაგრამ ერთი რამ ყველას უნდა გვაერთიანებდეს – გვქონდეს ერთი სამშობლო და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვსაუბრობდეთ.
როდესაც ადამიანი საკუთარ ქვეყანას, სახელმწიფოსა და ხალხს უპირისპირდება, ჩემთვის ეს უკვე პოლიტიკური განსხვავება აღარ არის. ეს არის დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მათ, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, პირველ რიგში, საკუთარ წარსულზე უნდა ჰქონდეს პასუხი.
ჩვენ ეს ამომრჩევლის წინაშე ვთქვით და დაპირებაც გვქონდა, რომ ხელს შევუწყობდით პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებას. სახელმწიფოს პირდაპირი პოზიტიური ვალდებულებაა, იზრუნოს ამაზე და ეს იქნება ერთ-ერთი გზა, რომლითაც ამ პროცესს ხელს შევუწყობთ.
რაც შეეხება IRI-ის გამოკითხვის შედეგებს, ევროკომისიის დასკვნას და მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევას ნდობის ინდექსთან დაკავშირებით, რომ არა „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების პრაგმატული, თანმიმდევრული, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე დაფუძნებული პოლიტიკა, ეს შედეგები ვერ დადგებოდა. ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს“, – აღნიშნა ირაკლი შატაკიშვილმა.