06 ოქტ 2026
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში მასშტაბური როუდშოუ მოაწყო. პრეზენტაციები და B2B ფორმატის შეხვედრები კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში გაიმართა.
საინფორმაციო და ბიზნესშეხვედრებში 10 ქართული და 50-მდე ადგილობრივი ტუროპერატორი მონაწილეობდა. კამპანიის ფარგლებში, კოპენჰაგენის, ოსლოსა და სტოკჰოლმის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი ბანერებიც განთავსდა.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სკანდინავიის რეგიონში მიმდინარე აქტიური მარკეტინგული კამპანია საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების ზრდას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა უკვე მოქმედებს.