06 ოქტ 2026
ბათუმის წმინდა ბარბარეს ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შიო პაიჭაძემ, გადაცემა „ახალ დილაში“ ხელოვნების, არტ-თერაპიისა და სულიერი განვითარების ურთიერთკავშირზე ისაუბრა.
საუბრისას დეკანოზმა წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან მოქმედი არტ-თერაპიის სახელოსნოს საქმიანობაზე, სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის ადაპტირებული გარემოს მნიშვნელობასა და პროექტის სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.
სახელოსნო უკვე 11 წელია ფუნქციონირებს. მისი ისტორია ბავშვებისთვის შემოქმედებითი სივრცის შექმნის იდეით დაიწყო. როგორც მამა შიო ამბობს, თავდაპირველად ხის მხატვრული დამუშავების მიმართულება განვითარდა, მოგვიანებით კი ფერწერისა და არტ-თერაპიის მიმართულებებიც დაემატა. იდეა თავიდანვე გაეცნო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის, რომლის მხარდაჭერამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინიციატივის განვითარებაში. მისი თანადგომით შესაძლებელი გახდა სახელოსნოს საქმიანობის გაფართოება და ისეთი სივრცის ჩამოყალიბება, სადაც ბავშვებსა და ახალგაზრდებს საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცათ.
მამა შიოსთვის ხელოვნება მხოლოდ ესთეტიკური საქმიანობა არ არის. მისი თქმით, ადამიანი ბუნებით შემოქმედია, ხელოვნებას კი შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მისი შინაგანი სამყაროს განვითარებასა და პიროვნულ ზრდაში. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება სახელოსნოს საქმიანობაც, შეიქმნას სივრცე, სადაც ადამიანები საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების აღმოჩენასა და თავისუფლად გამოხატვას შეძლებენ.
„ყოველი ადამიანი ხელოვანია, პირველ ყოვლისა, და თან, რა თქმა უნდა, ადამიანი თანაშემოქმედია ღმერთთან ერთად. ხელოვნება აკეთილშობილებს ადამიანს და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. წიგნს რომ კითხულობ და კარგი წიგნი რომ არის, თავისთავად მერე უკვე ეს ლიტერატურა ადამიანს... ყოველი წაკითხული წიგნი, როგორც დანელია ამბობს, ზრდის ადამიანს. ასევე ხელოვნებასაც, თავისთავად, თავისებურად ასეთია და გარკვეულწილად, რაც წაგიკითხავს, სრულიად შესაძლებელია, რომ ის გადაიტანო ტილოზეც“,- ამბობს დეკანოზი.
არტ-თერაპიის სახელოსნოში სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანები ფერწერასა და სხვა შემოქმედებით საქმიანობაში არიან ჩართული. მამა შიოს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მათთვის გარემო იყოს მაქსიმალურად ადაპტირებული და მონაწილეებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ჰქონდეთ. მისი თქმით, ხელოვნებამ უკვე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მათ ყოველდღიურობაში. ამის დასტურად მამა შიოს მოჰყავს თავად მონაწილეების შეფასებაც, რომ ეს საქმიანობა მათთვის „სიცოცხლის წყარო და მომავლის“ ნაწილია.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენს სტუდიაში სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანები დადიან. ადამიანი შეზღუდულია მაშინ, როდესაც მას არ აქვს ადაპტირებული გარემო. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ადაპტირებული იყოს გარემო“, - აღნიშნავს დეკანოზი.
დეკანოზის თქმით, სახელოსნოში შექმნილი ნამუშევრები უკვე გამოფენებზეც წარადგინეს. დაახლოებით ერთი წლის წინ გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, სადაც 130 ტილო გაიყიდა. მიღებული თანხა თავად მონაწილეებმა კვლავ შემოქმედებითი საქმიანობის გასაგრძელებლად გამოიყენეს - შეიძინეს ტილოები, საღებავები და სხვა საჭირო მასალები.
მამა შიოს თქმით, სწორედ ამ გამოცდილებამ გააჩინა კიდევ უფრო დიდი მიზანი - ხელოვნება მომავალში ბენეფიციარებისთვის შემოსავლის წყაროდაც იქცეს.
„130 ტილო გაყიდეს და მიზნობრივად თვითონ გამოიყენეს ეს ისევ იმისთვის, რომ შეიძინონ ტილოები, საღებავები და ასე შემდეგ. და მათთვის ეს ასევე... მომავალში ჩემი მიზანია, რომ მომავალში ეს გახდეს მათთვის შემოსავლის წყარო, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავიანთი გარემო, თავიანთი შემოსავალი და თან საქმიანობაც, რომელიც უყვართ, და ამასთან ადამიანისთვის უკვე მოაქვს არსებობის წყარო - ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს დეკანოზი.
მისი თქმით, იდეალურ შემთხვევაში უნდა შეიქმნას უფრო დიდი სახელოსნო, სადაც სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანები ყოველდღიურად შეძლებენ მუშაობას.
„სავარაუდოდ, ღვთის წყალობით, თუ გაჩნდება ისეთი, ასე ვთქვათ, მეცენატური დამოკიდებულება, იქნება, რომ ადამიანებისთვის შეიქმნას ცალკე დიდი, ასე ვთქვათ, სახელოსნო, სადაც ყოველდღიურად მივლენ და იმუშავებენ და ისინი ასევე მოამზადებენ კიდევ ბავშვებს, ეს უკვე იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, და დიდი სიტყვა აი ამ მიმართულებით, არტ-თერაპიის მიმართულებით“, - ამბობს მოძღვარი.
სახელოსნოში მუშაობისას მთავარი პრინციპი თავისუფლებაა. მამა შიოს თქმით, ბავშვებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ, რისი დახატვა სურთ და საკუთარი ხედვა შემოქმედებითად გამოხატონ.
„მთავარი საკითხი აქ არის თავისუფლება - პირველ რიგში ის, რაც უყვართ მათ. ახლა რასაც ფერწერა ჰქვია, აქ უკვე ნახეთ თქვენ, დამუშავებები არის, ძალიან ისტორიული ნამუშევრებიც არის, მაგრამ ძირითადად არის სიურრეალისტური ნამუშევრებიც. სიურრეალიზმი გარკვეულწილად გადმოსცემს ადამიანის ბუნებას და მის ხედვას“, - განმარტავს დეკანოზი.
მისივე თქმით, ბავშვები ხანდახან რამდენიმე საათის განმავლობაში აგრძელებენ მუშაობას და გაკვეთილის დასრულება არ სურთ. დეკანოზის თქმით, სახელოსნოს მონაწილეები საკუთარი ნამუშევრების შექმნას სახლშიც აგრძელებენ. თავიდან ზოგიერთ მათგანს ეშინოდა, რომ ფერწერის დროს შეცდომას დაუშვებდა, თუმცა პედაგოგის მიდგომა ასეთია - შემოქმედებით პროცესში შეცდომის დაშვების არ უნდა ეშინოდეთ.
„ვუთხარი: არ არსებობს ფერწერაში შეშლა. რაღაცა შეგეშლება, მერე გამოვასწორებთ. და აი ამ მიმართულებით და ასეთი დამოკიდებულებით სახლში მუშაობენ. შეუძლიათ, რომ 3-4 ტილო კვირის განმავლობაში დახატონ, ფონები გააკეთონ, მოიტანონ და შემდგომ უკვე ჩვენთან რაღაცა მიმართულებით კიდევ დაამატონ და ასე შემდეგ. ასე მარტივად არ ამთავრებენ ნამუშევარს, რომ ერთი ხელი მოუსვან და დამთავრდა“, - აღნიშნავს მოძღვარი.
მამა შიოს შეფასებით, ხელოვნება ადამიანს საკუთარი თავის აღმოჩენაშიც ეხმარება. სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ არტ-თერაპია შეიძლება სულიერი გზის ნაწილიც გახდეს. ამასთან აღნიშნავს, რომ სახელოსნოში ახალი, ადაპტირებული მეთოდების დანერგვაზეც მუშაობენ. ერთ-ერთი იდეა პროექტორის გამოყენებით ხატვას უკავშირდება, რაც მონაწილეებს ხაზების მარტივად გადატანაში დაეხმარება. შემდეგ კი ისინი ფერების შერჩევასა და შეხამებაზე დამოუკიდებლად იმუშავებენ.
„ეს არის ადაპტირებული შემთხვევა, ადაპტირებული გარემო, რითიც შეიძლება რომ ადამიანებმა იმუშაონ, ვისაც აქვს გარკვეულწილად... ცერებრული დამბლით, ეტლით მოსარგებლე ადამიანები დადიან, მხედველობის შეზღუდვით და ა.შ. და აი ამ გარემოში რადგანაც საგანგებო სჭირდებათ, სპეციალური საჭიროებების ადაპტირებული გარემო უნდა შევქმნათ და ვქმნით, ვცდილობთ, რომ ეს გავაკეთოთ“, - ამბობს მამა შიო.
სახელოსნოს გაფართოების ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება სწორედ სივრცის სიმცირეა. ამჟამად არტ-თერაპიის მიმართულებით ოთხი ადამიანი მუშაობს, ხის მხატვრული დამუშავების მიმართულებით კი 30 ბავშვია ჩართული.
„გამოფენებიც გვინდა, გაფართოებაც გვინდა, მაგრამ... ფართი არა გვაქვს. ... ოთხი, ხუთი ადამიანი, ასე ვთქვათ, იყოს, იმიტომ რომ მოძრაობაა საჭირო, ეტლით... ეტლით მოსარგებლე ადამიანი რომ მოდის, მას მისი სივრცე სჭირდება და... ამიტომ ჩვენ არა გვაქვს ასეთი თავისუფალი სივრცე“, - აღნიშნავს დეკანოზი.
როგორც მოძღვარი ტელეგადაცემაში საუბრისას აღნიშნავს, კარგი ამინდის შემთხვევაში, მონაწილეები ტაძრის ეზოში, მოლბერტებთან მუშაობენ. მათი შემოქმედებითი პროცესი ტურისტებისა და ქალაქის სტუმრებისთვისაც თვალსაჩინო ხდება.
„ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც დადის, ტურისტები და ასე შემდეგ, ხედავენ, რომ როგორ მუშაობენ ეს სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანები და ეს ერთგვარად, რა თქმა უნდა, ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ქალაქი არის კულტურული ქალაქი და კულტურულ გარემოს ვქმნით“, - ამბობს მამა შიო.
დეკანოზის თქმით, ეკლესიისთვის ხელოვნებისა და სოციალური საქმიანობის მიმართულებით მუშაობა ბუნებრივი პროცესია. მისი შეფასებით, ეს ყველაფერი ადამიანის სულიერ განვითარებას, სიყვარულის გაღვივებასა და საკუთარი ნიჭის აღმოჩენას ემსახურება.
„ეკლესიას და ზოგადად მართლმადიდებლობას არ ეშინია გამოწვევის და ხელოვნების - ეს ხომ მოგეხსენებათ, რომ ეკლესიას შექმნილი აქვს თავისი მიმართულება ხელოვნებაში, როგორც აღმოსავლეთს, ასევე დასავლეთის ეკლესიასაც. მთავარი საკითხი არის ის, რომ ხშირად ამბობენ - ეკლესიას აქვს ორი ფუნქცია: პირველი, სულიერი ფუნქცია, რომ ადამიანები მიიყვანოს ღმერთთან, და მეორე ფუნქცია - ესეც ამას ემსახურება - ეს არის სოციალური სფერო, რომლითაც შეიძლება, რა თქმა უნდა, ადამიანი დააინტერესო და გაუღვივო სიყვარული - ზოგადად სიყვარული და მერე, რა თქმა უნდა, შემდგომ ღვთის მიმართ სიყვარული“, - ამბობს დეკანოზი.
მამა შიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ ადამიანებს ეკლესიის სივრცე შეზღუდვებთან არ ასოცირდებოდეთ. მისი თქმით, თავისუფლება ქრისტიანული მსოფლმხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ხელოვნებაც სწორედ ამ თავისუფლების გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა.
„მთავარი კიდევ არის ის, რომ ადამიანს ჰქონდეს თავისუფლება. ხშირად ჰგონიათ ეკლესიაში, რომ მოდის ადამიანი და თუნდაც, ვთქვათ, სტუდიაში, რომ იქ რაღაცა იქნება გარკვეული შეზღუდვა... მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ეს არის მცდარი წარმოდგენები“, - ამბობს მოძღვარი.
სახელოსნოს საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულება ახალგაზრდების მოტივაცია და მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაა. მამა შიოს თქმით, უკვე ბევრი ყოფილი მოსწავლე აგრძელებს გზას ხელოვნების სფეროში - მათ შორის არიან სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
როგორც მოძღვარი აღნიშნავს საბოლოო მიზანი სწორედ ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც ხელოვნება ადამიანის შესაძლებლობების აღმოჩენის, სულიერი და პიროვნული განვითარების და დამოუკიდებელი ცხოვრების ნაწილად ქცევის შესაძლებლობას შექმნის.