06 ოქტ 2026
„საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, მიმდინარეობს კვლევა, რომლის ფარგლებშიც ახალი წყალსაცავები მოეწყობა ან ადრე შეჩერებული და ამორტიზებული ობიექტები აღდგება.
უწყების ცნობით, „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მათ ადგილზე არსებული ვითარება და სარწყავი წყლის დეფიციტის აღმოფხვრის შესაძლებლობები განიხილეს.
„გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლის რესურსების აკუმულირება და მარაგების შექმნა, რათა ფერმერებს სარწყავი წყალი უფრო სტაბილურად და საიმედოდ მივაწოდოთ. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ მცირე ზომის რეზერვუარებისა და წყალსაცავების მოწყობაზე, რომლებიც განსაკუთრებით გვალვიან პერიოდში უზრუნველყოფს სარწყავი წყლით მომარაგებას. ამ მიზნით „საქართველოს მელიორაციამ“ ფართო კვლევები დაიწყო. განვიხილავთ როგორც გასული საუკუნის ბოლოს შეჩერებული პროექტების აღდგენის შესაძლებლობას, ისე ვარჩევთ ახალ ადგილებს, სადაც პატარა რეზერვუარების მოწყობა იქნება შესაძლებელი. ეს ხელს შეუწყობს წყალუზრუნველყოფილი ფართობების ზრდას და ფერმერებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.