სევდია უგრეხელიძე: გია ბარამიძის განცხადება შეცდომა იყო… შემდეგ უკვე მოჰყვა ამას, როგორ სჭირდებოდათ და ცვლიდნენ…

06 ოქტ 2026

გია ბარამიძის განცხადება შეცდომა იყო, თუმცა ამ განცხადების გამო მისი დაკავება მავნებლობაა - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სევდია უგრეხელიძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, ბარამიძეს განცხადების შემდეგ შეცდომის გამოსწორებისა და საკუთარი პოზიციის განმარტების შესაძლებლობა ჰქონდა.

„შეცდომა იყო, მე მგონი, და შესაძლებლობა ჰქონდა, გამოესწორებინა ეს შეცდომა მეორე დღეს, მესამე დღეს“, - განაცხადა უგრეხელიძემ.

როგორც სევდია უგრეხელიძე აღნიშნავს, ბარამიძემ მოგვიანებით განმარტა, რას გულისხმობდა და როგორ მიმდინარეობდა ტყვეების გაცვლის პროცესი.

„რამდენჯერ უნდა გითხრათ, შეცდომა მომივიდაო და ასე არ ყოფილაო, ეს დაწერა? დიახ, რა თქმა უნდა. მოჰყვა, როგორი იყო ეს გაცვლები, რატომ სჭირდებოდათ ეს ხალხი გასაცვლელად და ასე შემდეგ. კი, ყველაფერი ეს დაწერა“, - აღნიშნა უგრეხელიძემ.

უგრეხელიძის შეფასებით, ქვეყნის ინტერესებს ზიანი განცხადების შინაარსის გამო კი არა, მისთვის ყურადღების მიქცევამ და შემდგომ გამოყენებამ მიაყენა.

„შეცდომა იყო ამის გაუშიფრავად და გაუზომავად შემდეგ გაჟღერება, მაგრამ იქ, რომ თქვა ასე, მოკლედ, ეს იყო შეცდომა. შემდეგ უკვე მოჰყვა ამას, როგორ სჭირდებოდათ და ცვლიდნენ. რა თქმა უნდა, ცვლიდნენ. ქვეყნის ინტერესები იმან დააზიანა, რომ ამას ყურადღება მიაქციეს და ამისთვის გამოიყენეს“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.