05 ოქტ 2026
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს პროგრამები - სკები მეფუტკრეებს "სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში გადაეცათ. ახალი სახლები ფუტკრის ოჯახებისთვის რეგიონში სულ 300 მეფუტკრეზეა გათვლილი და ჯამში 2000 შეადგენს. თაფლის წარმოებით დაკავებულმა ფერმერებმა სკები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით შეიძინეს.
სამინისტროს პროგრამით ფინანსდება ასევე ახალი ხეხილოვანი ბაღები, ანუ მრავალწლიანი კულტურების გაშენება და ასევე ძველი ბაღების განახლება-გადაიარაღება. ამ პროგრამით უკვე ისარგებლა ქობულეთში მცხოვრებმა ფერმერმა ირაკლი ქათამაძემ. მან მოცვის პლანტაცია გააშენა, სადაც 6 000-მდე ნერგი დარგო. მოცვის გაშენების გადაწყვეტილება ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის გამო მიიღო.
ახლად გაშენებული მოცვის ბაღი დღეს აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ადგილზე მოინახულა. დენის სალუქვაძემ უწყების მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ, მის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის როგორც უკვე არსებულ ისე ახალ მიმართულებებზე, მათ შორის ერთწლიან კულტურებსა და სასათბურე მეურნეობებზე.
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს პროგრამით ციტრუსის ბაღის მოსავლელად საჭირო სპეციალური ტექნიკა უკვე შეიძინა სულიკო მოწყობილმა. ნახევარ ჰექტარზე გაშენებული ტრადიციული და საადრეო ჯიშის მანდარინის მოსავალს, ხარისხსა და ფერმერის საპროგნოზო მაჩვენებელს მოახლოებული ციტრუსის სეზონზე, დღეს მინისტრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ქობულეთის მერთან ერთად გაეცნო.
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს უკვე ისარგებლა 2500-ზე მეტმა ფერმერმა, მათი რაოდენობა ჯამში 4 ათასს მიაღწევს. გაიზრდება ასევე პროგრამის ბიუჯეტიც, რომელიც უკვე გაორმაგდა და 4 მილიონ ლარზე მეტია.