საფრანგეთში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებისას 15 წლის მოზარდს ხელში, სავარაუდოდ, ყუმბარა აუფეთქდა

05 ოქტ 2026

საფრანგეთში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას 15 წლის მოზარდს ხელი აუფეთქდა. ამის შესახებ ოფიციალურმა პირმა განაცხადა.

"მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება," - განაცხადა მან.

ფრანგულ მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო მოზარდმა დაზიანება.

სააგენტო AFP-მ, პოლიციის პროფკავშირის წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსწავლემ, სავარაუდოდ, ხელი მოკიდა არეულობის ჩასახშობად განკუთვნილ სპეციალურ ხელყუმბარას, რომელიც მას ხელში აუფეთქდა.

თუმცა, რეგიონულმა გაზეთმა La Voix Du Nord-მა მოიყვანა იმ გოგონას სიტყვები, რომელიც, გამოცემის ცნობით, ინციდენტის დროს მოზარდის გვერდით იმყოფებოდა - გოგონა ამტკიცებს, რომ მოზარდს ხელყუმბარა არ აუღია.

"მას ის არ აუღია, ხელში არც დაუჭერია, მე იქ ვიყავი და დავინახე," - აცხადებს გოგონა.

ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეთა საპროტესტო აქციები გრძელდება.

ორშაბათს, ნაწილობრივ ან სრულად დაახლოებით 500 სკოლა დაიხურა. მოსწავლეები სკოლის შენობების მდგომარეობასა და პერსონალთან დაკავშირებულ საკითხებს აპროტესტებენ, ბოლო დღეებში ამ პროტესტს პოლიციასთან შეტაკებებიც მოჰყვა.