ბათუმის სასამართლომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულ 18 პირს პატიმრობა შეუფარდა, 1 პირი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

05 ოქტ 2026

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში დაკავებულების საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 18 პირს, ხოლო მაია ბოლქვაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შემდეგი პროცესი 1 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ქურდულ სამყაროსთან კავშირის, წევრობისა და მიმართვის ბრალდებით აჭარაში 19 პირია დაკავებული. სასამართლო მათთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დილიდან მსჯელობდა. რაც შეეხება კიდევ 61 დაკავებულს, მათი სასამართლო პროცესები სხვადასხვა რეგიონში გუშინ დაიწყო.

გამოძიების ვერსიით, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებსა და იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად, ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე თავიანთ სასარგებლოდ, გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას აკისრებდნენ.

უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია საქართველოს 14 ქალაქში ჩატარდა, რის შედეგადაც 80 პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება აუდიოჩანაწერია. ბრალი 7 პირს დაუსწრებლად წარედგინა, ხოლო 7 უკვე სასჯელს იხდის. ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.