დავით მსხალაძე ევროპის აბსოლუტური ჩემპიონია - ქართველმა კარატისტებმა რიგაში 14 მედალი მოიპოვეს

05 ოქტ 2026

საქართველოს ნაკრებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ კონტაქტური კარატეს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოსვლა წარმატებით დაასრულა. დასკვნით საშეჯიბრო დღეს ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

დავით მსხალაძე ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. ბათუმელმა კარატისტმა ამ ტიტულის მოპოვებით 2027 წელს იაპონიაში აბსოლუტურ წონაში დაგეგმილი კარატეს მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიაც მოიპოვა, რომელზეც ევროპის კონტინენტიდან რეიტინგის პირველი ნომრის სტატუსით იქნება წარდგენილი.21-წლამდელთა კატეგორიაში ჩემპიონობა იზეიმეს ანა ძიძიკაშვილმა (-50 კგ), დიმიტრი მსხალაძემ (-70 კგ) და ავთანდილ პარწიკანაშვილმა (+90 კგ).

ბრინჯაოს მედლები კი ლუკა მგელაძემ (-60 კგ), ოსკარ ჰინშლეიმ (-70 კგ) და ნიკა ნაგერვაძემ (-85 კგ) მოიპოვეს. ორივე დღის ჯამში საქართველომ 16-წლამდელთა ჭაბუკებში, 21-წლამდელთა შორის და დიდებში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა - ექვსი ოქრო, ორი ვერცხლი და ექვსი ბრინჯაო.

საქართველოს დელეგაცია ევროპის ჩემპიონატზე ლატვიის დედაქალაქ რიგაში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა. დელეგაციას სპორტის მინისტრის მოადგილე და ევროპის საერთაშორისო კარატეს ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენელი, ირაკლი დოლაბერიძე ხელმძღვანელობდა.