05 ოქტ 2026
„ქართული ოცნება“ ოპოზიციის მიერ ბოლო წლებში არჩეულ პოლიტიკურ კურსს აკრიტიკებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობაზე უარის თქმამ და პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანამ მათი პოლიტიკური გავლენა მნიშვნელოვნად შეამცირა.
მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის სტრატეგია, რომელიც მასობრივ აქციებსა და რევოლუციურ სცენარებზე იყო ორიენტირებული, საბოლოოდ წარუმატებელი აღმოჩნდა.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ერთი წლის წინ, 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლესთან ხელისუფლების დამხობის მცდელობამ ოპოზიციის პოლიტიკური კურსის ჩავარდნა კიდევ ერთხელ გამოაჩინა და ოპოზიციამ საკუთარი პოლიტიკური მდგომარეობა თავადვე გაიუარესა, რითაც ამომრჩევლის მხარდაჭერა დაკარგა.
2025 წლის 4 ოქტომბრის აქციამ ოპოზიციის სრული კრახი გამოიწვია, ბოლო წლების განმავლობაში ისეთი არასწორი კურსით მიდიოდნენ, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ „თავისი თავი კრახამდე მიიყვანა“.
„ის, რომ მათ ლეგიტიმურ ორგანოებში მონაწილეობაზე უარი თქვეს და ქუჩის აქციებზე და რევოლუციურ სცენარებზე გადაიტანეს ყურადღება, ეს ოპოზიციას აუცილებლად მიიყვანდა ამ კრახამდე. მათ ეგონათ, რომ ეს ხელისუფლება ძალიან სუსტი იყო და ერთი ხელის კვრა იყო დარჩენილი და ყველაფერი დამთავრდებოდა.
თქვენ გახსოვთ ამ აქციის ორგანიზატორების გამონათქვამები – 4-ში ყველაფერი დამთავრდება და ისინი ფაქტობრივად ჩამოშლილები არიანო. ისინი თავს ყოველთვის ასე იიმედებდნენ, პატარა ძალისხმევა იყო დარჩენილი და ის გააკეთეს, რაც „აირაის“ ბოლო გამოკითხვებმა მოიტანა. თავისი თავი კრახამდე მიიყვანეს, არავის დახმარება არ დასჭირვებიათ“,- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.