საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ბათუმში წმინდა მატათა მოციქულის სახელობის საეკლესიო კომპლექსი მოინახულეს

05 ოქტ 2026

საქართველოს პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და მის მეუღლეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ უმასპინძლა.

მეუფე დიმიტრიმ სტუმრებს კომპლექსის ინფრასტრუქტურა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო.

პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ კომპლექსის ბაზაზე მოქმედი წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიაც დაათვალიერეს, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად 120-მდე მოსწავლეს აერთიანებს. გიმნაზიაში შექმნილია უნიკალური გარემო, სადაც მოზარდთა აკადემიური განათლება, სულიერი აღზრდა და შემოქმედებითი უნარების განვითარება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილმა და თამარ ბაგრატიონმა გიმნაზიაში არსებული საგანმანათლებლო და სახელოვნებო სივრცეები, მათ შორის კინოთეატრი და მოზაიკის სახელოსნო მოინახულეს.

წმინდა მატათა მოციქულის სახელობის საეკლესიო კომპლექსი  საგანმანათლებლო და სამონასტრო სივრცეებს აერთიანებს. მისი საქმიანობა ახალგაზრდა თაობის სულიერ, ინტელექტუალურ და შემოქმედებით აღზრდას ემსახურება.