მაკა გიორგობიანი: ბათუმში გამართულ ტურნირებზე 600-მდე სტუმარს ვუმასპინძლეთ, ორგანიზებას კი საერთაშორისო კავშირმა მაღალი შეფასება მისცა

05 ოქტ 2026

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მაკა გიორგობიანმა, გადაცემა „ახალ დილაში“ ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე, ქართული ნაკრების შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ბათუმმა ახალგაზრდების გრან-პრისა და ჩელენჯერის სერიის „თრიალეთის თასის“ საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლა, რომელთა ორგანიზებასაც, გიორგობიანის განცხადებით, საერთაშორისო კავშირმა მაღალი შეფასება მისცა.

მისი თქმით, თითოეულ ტურნირზე დაახლოებით 300 სტუმარი იმყოფებოდა, რაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის, არამედ აჭარაში სპორტული ტურიზმის ხელშეწყობისთვისაც.

„პირველ რიგში, ნამდვილად ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი სტუმრები, სპორტსმენები პირველ რიგში და დელეგაციის წარმომადგენლები იყვნენ ძალიან კმაყოფილი ორგანიზების მაღალი დონით. ასევე საერთაშორისო კავშირმა ძალიან კარგად შეაფასა და მაღალი შეფასებები მისცა საორგანიზაციო მხარეს, რაც მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმისთვის, რომ მომავალშიც ასეთი მაღალი რანგის ტურნირებს საქართველომ უმასპინძლოს. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა იბრძვის იმისთვის, რომ მოიპოვოს ეს უფლება“, - განაცხადა მაკა გიორგობიანმა.

ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ქართველი სპორტსმენებისთვის საკუთარ ქვეყანაში, მშობლიური გულშემატკივრის წინაშე გამოსვლა ერთდროულად სასიხარულოც და საპასუხისმგებლოც იყო. მისი განცხადებით, ქართველმა მოციგურავეებმა ტურნირზე სამი ოქროს მედალი მოიპოვეს და „თრიალეთის თასი“ სამ კატეგორიაში საქართველოში დარჩა.

„ჩვენი სპორტსმენები აღნიშნავენ, რომ ძალიან ბევრი წელი ელოდნენ იმას, რომ სახლში ეასპარეზათ, მშობლიურ კედლებში ეასპარეზათ. ბევრად უფრო საპასუხისმგებლოა ქართველი მაყურებლის, გულშემატკივრის, ოჯახის წევრების წინაშე ასპარეზობა, თუმცა გაართვეს თავი და 3 ოქროს მედალი და „თრიალეთის თასი“ 3 კატეგორიაში დარჩა საქართველოს. ერთ კატეგორიაში დავთმეთ მხოლოდ და მხოლოდ - ქალთა კატეგორიაში, მაგრამ ალბათ სტუმრებიც უნდა გაგვეხარებინა“, - აღნიშნა გიორგობიანმა.

გიორგობიანის განცხადებით, ტურნირის ბათუმში ჩატარების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალი საციგურაო მოედნის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობაში ახალი თაობის მოზიდვა იყო.

„აშენდა ორი არაჩვეულებრივი საციგურაო მოედანი თბილისში და ბათუმში. ჩვენ სწორედ ამიტომ, გასულ წელს ჩავატარეთ „თრიალეთის თასი“ თბილისში და ახლა გადავწყვიტეთ, რომ ბათუმს ემასპინძლა, სწორედ გამომდინარე იქიდან, რომ ახალ საციგურაო მოედანზე მოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი. შემდეგ ამ გულშემატკივრებს მოჰყვება რაც შეიძლება მეტი პატარა, რომლებსაც, რა თქმა უნდა, უკვე პროფესიონალური კუთხით ჩავრთავთ ფიგურულ ციგურაობაში და შევეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ბავშვი აღმოვაჩინოთ“, - განაცხადა მაკა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, ორი დიდი ტურნირის ერთმანეთის მიყოლებით ჩატარება საორგანიზაციო გუნდისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ტურნირებს შორის დარბაზის სრულად გადასაწყობად გუნდს მხოლოდ ორი დღე ჰქონდა.

„ძალიან რთული იყო, ფაქტობრივად ყველამ აღნიშნა, რომ პირველად იყო, ასე ვთქვათ, ჩვენი გაერთიანების პრაქტიკაში, რომ ორი დიდი ტურნირი ერთმანეთის მიყოლებით ჩაეტარებინა ქვეყანას. ჩვენ გვქონდა სულ ორი დღე იმისთვის, რომ მთლიანად შეგვეცვალა, იყო აბსოლუტურად განსხვავებული გაფორმება დარბაზის და, მოკლედ, ყველაფერი მოვასწარით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის თითოეულ წევრს, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან ბევრი იშრომეს“, - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.

მაკა გიორგობიანის შეფასებით, სეზონის დასაწყისში მოპოვებული სამი ოქროს მედალი ეროვნული ნაკრების კარგ ფორმაზე მიუთითებს. მისი თქმით, წინ გრან-პრის ეტაპებია, შემდეგ კი გუნდი გრან-პრის მსოფლიო ფინალში მოხვედრისთვის იბრძოლებს.

„ვფიქრობ, რომ უკვე სეზონის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვართ გამომდინარე იქიდან, რომ სამი ოქროს მედალი მოიპოვეს ჩვენი ნაკრების წევრებმა. ჩელენჯერის სერია არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტურნირი და მნიშვნელოვანია იქ მოპოვებული თითოეული ქულა, რადგან ეს მოქმედებს სპორტსმენების მსოფლიო რეიტინგზე. ახლა ძალიან მალე გრან-პრის ეტაპებზე მიემგზავრებიან ჩვენი სპორტსმენები და შემდეგ, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ გრან-პრის მსოფლიო ფინალში მოსახვედრად, სადაც მსოფლიოდან მხოლოდ ექვსი საუკეთესო სპორტსმენი ასპარეზობს“, - აღნიშნა გიორგობიანმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს ნაკრების მიზანია, წელსაც შეძლოს მსოფლიო გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობა. გიორგობიანმა ასევე ისაუბრა ქართული ფიგურული ციგურაობის ბოლო წლების ისტორიულ შედეგებზე. მისი თქმით, ქართველმა სპორტსმენებმა მედლები მოიპოვეს ოლიმპიადაზე, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე.

„ისტორიული მედლები მოიპოვეს ჩვენმა სპორტსმენებმა: ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი; ევროპის ჩემპიონატზე ოთხი კომპლექტი თამაშდება მედლების და ორი საქართველოში წამოვიღეთ - ორი ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული“, - განაცხადა მაკა გიორგობიანმა.

გიორგობიანის განცხადებით, საქართველოს ნაკრებს მედლების მოპოვების რეალური შესაძლებლობა ოთხივე დისციპლინაში აქვს. ეროვნულ გუნდს ახალგაზრდა სპორტსმენებიც ემატებიან, მათ შორის ინგა გურგენიძე, რომელმაც გასულ წელს ახალგაზრდობის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა.

„მე მაქვს ინგა გურგენიძის იმედიც, რომ ის ღირსეულად შეავსებს უფროსების ნაკრებს. ახალგაზრდებში კი ახალი სპორტული წყვილი გვყავს, გამომდინარე იქიდან, რომ ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ამ უმაღლესმა შედეგებმა ქვეყანას დამატებითი ადგილები მოუტანა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე“, - აღნიშნა მაკა გიორგობიანმა.

ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ქართული ფიგურული ციგურაობის მთავარი მიზანი სპორტის განვითარებასთან ერთად ახალი თაობის მოზიდვა და ისეთი სპორტსმენების აღზრდაა, რომლებიც მომავალშიც შეძლებენ საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე.

გადაცემაში სტუმრობისას ფედერაციის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ტელევიზიებს ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატებისა და ოლიმპიადის სრულად გაშუქებისთვის და აღნიშნა, რომ მედიის ყურადღებამ ქართველი მაყურებლის დაინტერესება მნიშვნელოვნად გაზარდა.