05 ოქტ 2026
“მოძრავი სცენის“ ფესტივალი დასრულდა. სამი დღის განმავლობაში ხულოს დრამატულ თეატრში მაყურებელმა სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული თეატრალური დასებისა და მუსიკოსების შემოქმედება ნახა.
დასკვნით დღეს წარმოდგენილი იყო ორი სპექტაკლი. დაჯილდოების ცერემონიაზე ნომინაციაში „საუკეთესო სპექტაკლი“ გამარჯვებულად დასახელდა სენაკის ახალგაზრდული თეატრი „ფიროსმანი“ სპექტაკლით „კავკასიური ცარცის წრე“.
ნომინაციაში „საუკეთესო შემსრულებელი“ ბათუმელმა მუსიკოსებმა გიორგი ცეცხლაძემ და ზურაბ გორგილაძემ გაიმარჯვეს, სპეციალური პრიზი კი მუსიკოს ბაგრატ ჩალათაშვილს, „გრიზლის“ გადაეცა. გარდა ამისა, ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორის, კოტე მჟავიას რჩეული სენაკის ახალგაზრდული თეატრის მსახიობი ნიკოლოზ კაჭარავა გახდა.
ახალგაზრდა მსახიობი ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე სადიპლომო ნამუშევარს წარადგენს. „მოძრავი სცენა“ ხულოში პირველად გაიმართა და აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის „კულტურა მთაში“ ფარგლებში ჩატარდა.