ბათუმის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში დაკავებულების საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

05 ოქტ 2026

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში დაკავებულების საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე აჭარაში  20 პირია დაკავებული. სასამართლომ მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. 

რაც შეეხება კიდევ 60 დაკავებულს, მათი სასამართლო პროცესები სხვადასხვა რეგიონში გუშინ დაიწყო. 

გამოძიების ვერსიით, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებსა და იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას აკისრებდნენ. 

უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია საქართველოს 14 ქალაქში ჩატარდა, რის შედეგადაც 80 პირი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება აუდიოჩანაწერია. ბრალი 7 პირს დაუსწრებლად წარედგინა, ხოლო 7 უკვე სასჯელს იხდის.  ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.