„თრიალეთის თასი“ ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა

04 ოქტ 2026

ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის სასახლეში ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო ტურნირი - „თრიალეთის თასი“ დასრულდა. ჩელენჯერის სერიის ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს მოციგურავეთა ნაკრებმა ოქროს მედალი წყვილთა ასპარეზობაში მოიპოვა, სადაც ქვეყანა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილით იყო წარმოდგენილი.

ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის, ასევე ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 135.82-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. მათ ოქროს მედლები ორივე პროგრამის ჯამში დაგროვილი 215.83 ქულით მოიპოვეს.

ქალთა ერთეულების თავისუფალ პროგრამაში ანასტასია გუბანოვამ და ინგა გურგენიძემ იასპარეზეს, თუმცა საქართველოს წარმომადგენლები საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩნენ. ევროპის ჩემპიონატების ოქროსა და ორი ვერცხლის მედლის მფლობელ გუბანოვას თავისუფალ პროგრამაში მეხუთე შედეგი ჰქონდა, ორივე პროგრამის ჯამში კი მეოთხე ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება გურგენიძეს, მან მეექვსე ადგილი დაიკავა. ცნობისთვის, ერთი დღით ადრე ჩემპიონობა ვაჟთა ერთეულებში ნიკა ეგაძემ მოიპოვა, ხოლო სპორტულ ცეკვებში - დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა.