აჭარაში დაკავებული ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 20 პირის სასამართლო სავარაუდოდ ხვალ გაიმართება

04 ოქტ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია საქართველოს 14 ქალაქში ჩატარდა, რის შედეგადაც 80 პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებსა და იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

აჭარაში დაკავებული 20 პირის სასამართლო სავარაუდოდ ხვალ გაიმართება - ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების შესახებ უნდა იმსჯელოს. ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

რაც შეეხება კიდევ 60 დაკავებულს, მათი სასამართლო პროცესები სხვადასხვა რეგიონში დღეს და ხვალ შედგება.

ცნობილია ისიც, რომ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება აუდიოჩანაწერია. ამასთან, ბრალი 7 პირს დაუსწრებლად წარედგინა, ხოლო 7 უკვე სასჯელს იხდის.