ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები დილის 08:00 საათიდან მიმდინარეობს

03 ოქტ 2026

ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები დილის 08:00 საათიდან მიმდინარეობს. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის ოთხი წალკაში. გამოყენებულია როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელი. წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე გამოყენებულია  ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50-მა ამომრჩეველმა მიმართა. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7 კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.

საარჩევნო პროცესს აკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.