ესპანეთში წყალდიდობამ 102 წლის ქალი იმსხვერპლა

03 ოქტ 2026

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მადრიგერასში ძლიერი წყალდიდობის შედეგად  102 წლის ქალი დაიღუპა.  სტიქიის ზონიდან 90 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

კასტილია-ლა-მანჩის რეგიონის ხელმძღვანელობის განცხადებით, პარასკევს ქალაქ მადრიგერასში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ქუჩები, სახლების პირველი სართულები და ავტომობილები დატბორა. ქალაქში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია ჩატარდა. გარდაცვლილი ქალის ცხედარი მისივე სახლში იპოვეს.  წყლის დონემ იქ ერთ მეტრზე მეტს მიაღწია.

ოფიციალური მონაცემებით, ქალაქში, სადაც 4760 ადამიანი ცხოვრობს, კვადრატულ მეტრზე 142 ლიტრი ნალექი მოვიდა.

ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით „ნარინჯისფერი“ და „ყვითელი“ დონის გაფრთხილებები გაავრცელა.