03 ოქტ 2026
ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა.
ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის ოთხი წალკაში. გამოყენებული იქნება როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელი.
წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50-მა ამომრჩეველმა მიმართა. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7 კანდიდატი.
დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.
საარჩევნო პროცესს აკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.