02 ოქტ 2026
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა, – ამის შესახებ აღნიშნულია ფონდის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი 2026 წლის 30 სექტემბერს დახურა და ეს ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება არ ყოფილა.
"თბილისში ჩვენი საგარეო ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რომლის პირობებშიც კონრად ადენაუერის ფონდს ადგილზე საკუთარი ძირითადი მისიის შესრულება აღარ შეუძლია“ - ნათქვამია განცხადებაში.
2026 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ კონრად ადენაუერის ფონდის მიერ „გრანტების შესახებ“ ახალი კანონის ფარგლებში წარდგენილი პროექტების დაფინანსების განაცხადები არ დააკმაყოფილა. ფონდი აცხადებს, რომ პროექტების დამტკიცება შესაძლებელი ჩანდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღარ იქნებოდა შესაბამისობაში ფონდის პოლიტიკურ ხასიათსა და მისიასთან.
განცხადებას ფონდის დახურვასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები აფასებენ.
კონრად ადენაუერის ფონდი არის აფელირებული „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“, რომელიც არის EPP-ის წევრი და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი, ახლა აცხადებს ეს ფონდი, რომ პოლიტიკური მისიის შესრულება უნდა საქართველოში, მგონი, უცხო ქვეყნის პარტიებს და მათ ფონდებს საქართველოში არანაირი პოლიტიკური მისია შესასრულებელი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშილმა განაცხადა.
''წარმოიდგინეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გერმანიაში დაიწყოს პოლიტიკური მისიის განხორციელება, რაღაც ეჭვი მეპარება, რომ გერმანიის ხელისუფლებამ დაუშვას, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ-პოლიტიკური მისიები შეასრულოს ბერლინში თუ სხვა ქალაქში. ამიტომ ცოტა გაუგებარია'' - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.