პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულის ბრალდებების პასუხობს

02 ოქტ 2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს, დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, რა დროსაც, მსჯავრდებულის განცხადებით, მოხდა მასზე სექსუალური ძალადობა, რაც უწყების განცხადებით სრული სიცრუეა.

გარდა ამისა, როგორც მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, 2026 წლის 3 მარტიდან დღემდე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ნებისმიერი გადაადგილების ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა დაარქივებულია და სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არის, აღნიშნული მასალებიც, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად, გადასცეს ყველა დაინტერესებულ მხარეს.

თემას გამოეხმაურა სახალხო დამცველი,  ლევან იოსელიანის განცხადებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ომბუდსმენის აპარატმა ვერ ნახა. როგორც ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, სახალხო დამცველის აპარატმა დეტალურად შეისწავლა საკითხი და მათ შორის ნახა ვიდეოჩანაწერები.