02 ოქტ 2026
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს ჯუმბერ ბოლქვაძეს სიცრუეში ადანაშაულებს და გუშინ გამართულ აქციას ეხმაურება.
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ემერჯენსის მედიკოსმა სასწრაფოს დახმარების ბრიგადის მიმართვის დროს, ნაოპერაციევი პაციენტის მიღებაზე მიზეზების დაუკონკრეტებლად, უარი განაცხადა. მინისტრი ამბობს, რომ ფაქტი სამედიცინო გადაცდომაა, რასაც სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.
„ბათუმთან დაკავშირებით, ვითარება არის დაახლოებით ასეთი – ივნისის დასაწყისში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალს ოპერაციის შემდგომი გართულების გასწორება დასჭირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური დაუკავშირდა კლინიკას, თუმცა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა პაციენტის მიღებაზე, მიზეზის დაუკონკრეტებლად, განაცხადა უარი. იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც ემერჯენსის განყოფილებაში, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის დასტურია ის, რომ როდესაც ჩავერიე მე პირადად და რამდენიმე ხელმძღვანელი პირი, მხოლოდ ამის შემდეგ აღმოჩნდა შესაძლებელი, იმავე დაწესებულებაში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიეღოთ პაციენტი. ოღონდ ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, რადგან აბსოლუტურად უსაფუძვლოდ უარს ამბობდა ერთი კონკრეტული ექიმი პაციენტის მიღებაზე. ეს, რა საკვირველია, არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი ხათუნა ჩოთრაძე კლინიკაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ინციდენტი მაღალი მიმართვიანობისა და განყოფილებების გადატვირთულობის გამო მოხდა.
"ხშირად არის ბათუმში და ზოგადად კლინიკებში გადატვირთული მიმართვიანობა. არის გადატვირთული რეანიმაციული განყოფილებები, ინტენსიური პალატა, ემერჯენსი, რის გამოც კი პორტალს ხოლმე ვხურავთ. და ასეთ ერთ-ერთ დღეს, როდესაც ძალიან იყო გადატვირთული და ერთ შოკის დარბაზში სამი პაციენტი იყო უმძიმესი, კიდევ ერთი უნდა შემოეყვანათ ფორსმაჟორით. ეს ფორსმაჟორი ნიშნავს რომ არ გეკითხებიან მოჰყავთ და როცა რესურსი არ არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარდება მედპერსონალიც და პაციენტიც იმიტომ, რომ პაციენტს არ ეწევა სრულფასოვანი დახმარება და მის ჯანმრთელობას უკვე ემუქრება საფრთხე. ასეთ დროს თვითონ სასწრაფო ახერხებს და იძიებს ამ ადგილს, რომ პაციენტი მივიდეს იქ, სადაც დაეხმარებიან. ასეთ ერთ-ერთ ზარზე კიდე წავიყვანო, სად წავიყვანო, მოჰყვა ფრაზა, წაიყვანეთ მინისტრთან. აი ამ ფრაზის გამო, ამ ადამიანზე დაიწყო მუდმივი ზეწოლა, რომ დატოვოს ეს კლინიკა და წავიდეს სხვა კლინიკაში.
ეს ხდება ყველა მხრიდან. ნუ პირველი რომ ბატონი მინისტრი ჯანდაცვის აჭარის და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჩამობრძანდა თვითონ, მოვიდა კლინიკაში. შეკრიბა რამოდენიმე ექიმი, წამყვანი სპეციალისტი და იქ ამ შეკრებაზე ბატონმა ჯუმბერმა მოუხადა სამჯერ ბოდიში. აღიარა, რომ მისი ეს ფრაზა იყო გაუაზრებლად წარმოთქმული იმიტომ, რომ ეს არ ყოფილა არავის შეურაცხყოფის მიზნით ნათქვამი. დაურეკა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა და უთხრა, რომ დაწეროს განცხადება. თვითონ იყო კლინიკაში მოსული. ჩვენ ვერ მოვხვდით ამ შეხვედრაზე, მხოლოდ წამყვანი სპეციალისტები იყვნენ და კიდევ ერთხელ გვთხოვეს, რომ დავუბრუნდეთ სამუშაო ადგილებს და ბატონი ჯუმბერი გადავა და სხვაგან გააგრძელებს მუშაობას, მაგრამ ჩვენ ამას არ ვიზიარებთ", - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი ხათუნა ჩოთრაძე.
საქმე ეხება ბათუმში გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას, როდესაც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსებმა ემერჯენსის მოქმედი ხელმძღვანელის ჯუმბერ ბოლქვაძის მისამართით მიმდინარე ზეწოლაზე ისაუბრეს. მათი განმარტებით, ბოლქვაძეს ჯანდაცვის მინისტრები, იმის მიუხედავად რომ არასდროს ჰქონია სამედიცინო გადაცდომა, სამსახურის დატოვებას ერთი ფრაზის გამო სთხოვენ. ამბობენ რომ რამდენიმე თვეა ზეწოლა უშუალოდ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მითითებით მიმდინარეობს და პროცესებში ჩართულია აჭარის ჯანდაცვის მინისტრიც. მათ აქვთ ვარაუდი, რომ ზეწოლები უკავშირდება რამდენიმე თვის წინ კლინიკაში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც, მათი ინფორმაციით, ემერჯენსი იყო გადატვირთული და დამატებით პაციენტის მიღებას ვერ ახერხებდნენ. სასწრაფოს ზარებს, თუ სად წაეყვანათ პაციენტი მოჰყვა ექიმის რეპლიკა „წაიყვანეთ მინისტრთან“, რის შემდეგაც დაიწყო გადადგომის მოთხოვნები.
ექიმების ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძე პირადად იმყოფებოდა კლინიკაში და შეხვედრაზე მოისმინა ბოლქვაძის განმარტებაც. ექიმების ინფორმაციით, კლინიკაში ჩატარდა მოკვლევაც და ჯუმბერ ბოლქვაძეს გადაცდომა არ დაუდასტურდა.