02 ოქტ 2026
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი ხათუნა ჩოთრაძე კლინიკაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ინციდენტი მაღალი მიმართვიანობისა და განყოფილებების გადატვირთულობის გამო მოხდა.
მისი თქმით, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელი, ჯუმბერ ბოლქვაძე საქმიანობას სხვა კლინიკაში გააგრძელებს.
„ბათუმში, ისევე როგორც ზოგადად კლინიკებში, პაციენტების მიმართვიანობა ხშირად გადატვირთულია. გადავსებულია რეანიმაციული, ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი დახმარების (ემერჯენსის) განყოფილებები, რის გამოც ხშირად იძულებულნი ვართ, პორტალი დავხუროთ.
ერთ-ერთ ასეთ დღეს, როდესაც კლინიკა გადატვირთული იყო და შოკის დარბაზში სამი უმძიმესი პაციენტი იწვა, ფორსმაჟორულ სიტუაციაში კიდევ ერთი პაციენტი უნდა შემოეყვანათ. ფორსმაჟორი ნიშნავს, რომ პაციენტი შემოჰყავთ წინასწარი შეთანხმების გარეშე. როდესაც რესურსი არ არის, მძიმე მდგომარეობაში ვარდება როგორც მედპერსონალი, ისე პაციენტი, ვინაიდან მას სრულფასოვანი დახმარება ვერ ეწევა და მის ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება. ასეთ დროს სასწრაფო დახმარების ბრიგადა თავად ცდილობს ალტერნატიული ადგილის მოძიებას, რათა პაციენტი მივიდეს იქ, სადაც დაეხმარებიან.
სწორედ ასეთი ზარის დროს, კითხვაზე „სად წავიყვანო?“, გაჟღერდა ფრაზა: „წაიყვანეთ მინისტრთან“. ამ ფრაზის გამო აღნიშნულ ადამიანზე დაიწყო მუდმივი ზეწოლა, რომ დატოვოს კლინიკა და სამუშაოდ სხვაგან გადავიდეს.
ეს ხდება ყველა მხრიდან. კლინიკაში პირადად გამოცხადდნენ საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრები. შეკრიბეს რამდენიმე ექიმი და წამყვანი სპეციალისტები. ამ შეხვედრაზე ბატონმა ჯუმბერმა სამჯერ მოიხადა ბოდიში და აღნიშნა, რომ ეს ფრაზა წამოცდენა იყო და არავის შეურაცხყოფის მიზნით არ იყო ნათქვამი.
მიუხედავად ამისა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მას ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ განცხადება დაეწერა. ჩვენ ამ შეხვედრაზე ვერ მოვხვდით, მხოლოდ წამყვანი სპეციალისტები იყვნენ. კიდევ ერთხელ გვთხოვეს, რომ დავბრუნდეთ სამუშაო ადგილებზე და ბატონი ჯუმბერი გადავა და სხვაგან გააგრძელებს მუშაობას, მაგრამ ჩვენ ამას არ ვიზიარებთ“, - აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი ხათუნა ჩოთრაძე.