02 ოქტ 2026
ბერდია კუტუბიძის ფილმი „მარადიულნი: ყველაფრიზმი“ თბილისის ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო კინოფესტივალ ATIFF 2026-ის გამარჯვებული გახდა.
დოკუმენტური ფილმი ილია ზდანევიჩის შემოქმედებას, ავანგარდსა და მის ეპოქას ეძღვნება.
ფილმის შესახებ ბერდია კუტუბიძემ გადაცემა „ახალი დილას“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, „მარადიულნი: ყველაფრიზმის“ შექმნა მისთვის მხოლოდ ილიაზდის ისტორიის ეკრანზე გადატანას არ ნიშნავდა - ფილმზე მუშაობის პროცესი თავად რეჟისორისთვისაც საკუთარი თავის შემეცნების, ხელახლა აღმოჩენისა და შემოქმედებითი გარდატეხის ეტაპად იქცა.
„პირველ რიგში, „მარადიულნი: ყველაფრიზმი“ ჩემთვის საკუთარი თავის შემეცნებისა და ხელახლა აღმოჩენის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი იყო. თავდაპირველად პროექტი სულ სხვა ადამიანებსა და პიროვნებებს უნდა მიძღვნოდა, თუმცა, როდესაც ილიაზდი აღმოვაჩინე, მისი შემოქმედებისა და ისტორიის მიმართ ინტერესი გამიჩნდა. ზდანევიჩების შესახებ ზოგადი წარმოდგენა, რა თქმა უნდა, მქონდა, თუმცა მათი ისტორია ამ სიღრმით აქამდე არ ვიცოდი. რაც უფრო მეტად ვეცნობოდი მასალებს და ვმუშაობდი ეროვნულ არქივში, პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკასა და სხვა უწყებებში, მივხვდი, რომ ეს ცალკე პროექტი უნდა ყოფილიყო, მთლიანად ილიაზდისადმი მიძღვნილი“, - აცხადებს ბერდია კუტუბიძე.
ზდანევიჩის შემოქმედებაში რეჟისორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მისი პერფექციონიზმი და საქმისადმი ბოლომდე თავდადება აღმოჩნდა. კუტუბიძის თქმით, სწორედ ამ დამოკიდებულებაში დაინახა მან საკუთარ შემოქმედებით ხედვასთან სიახლოვე, ის შინაგანი კავშირი, რომელსაც ფილმში „სულთა კავშირად“ მოიხსენიებს.
„ალბათ მისი პერფექციონიზმი ყველაფერში, ბოლომდე თავდადება... იგი ყველაფერს, აბსოლუტურად რასაც ხელს მოკიდებდა, ყველაფერში იყო უბადლო და იდეალური. რაღაცა მეც ვცდილობ ჩემი ყოფიერებით, ჩემი საქმიანობით, რომ ანალოგიურად ვიმოქმედო, ვიმუშაო და, რა ვიცი, ალბათ ეს იყო ყველაზე მთავარი - სულთა კავშირი, კი“,- აცხადებს კუტუბიძე.
ფილმის იდეის აღმოჩენას და მის ეკრანზე გადატანას ხანგრძლივი და რთული სამუშაო პროცესი მოჰყვა. ბერდო კუტუბიძის თქმით, პროექტის შექმნაში მთელი შემოქმედებითი გუნდი იყო ჩართული და საბოლოო შედეგამდე მისასვლელად არაერთი გამოწვევის გადალახვა გახდა საჭირო.
„რთული მარტივად ნათქვამია. ეს იყო საკმაოდ სერიოზული, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი შემოქმედებითი გუნდის თითოეული წევრის საკმაოდ რთული სამუშაო პროცესი. ეს იყო მიზნის მიღწევამდე გავიარეთ ენით აღუწერელი გზა - ღამის თენება, მაქსიმალურად თავდადება, თავგანწირვა, მუდმივი ექსპერიმენტები“, - აღნიშნავს ბერდია.
კუტუბიძე მადლობას უხდის მთელ შემოქმედებით გუნდს, რომელმაც ფილმის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ის აღნიშნავს თითოეული წევრის თავდადებას, შრომასა და იდეებს, რომლებმაც პროექტის საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
პროექტის ფარგლებში ფილმის ჩვენება ელისო ბოლქვაძის შავი ზღვის ხელოვნებისა და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე იგეგმება, რომელიც UNESCO-ს ეგიდით ტარდება და რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ მოვლენას წარმოადგენს.