შვეიცარიაში რეკორდული სიცხეების შემდეგ მყინვარებმა სწრაფად დნობა დაიწყეს

01 ოქტ 2026

ევროპაში დაფიქსირებული რეკორდული სიცხის ტალღის შემდეგ შვეიცარიაში მყინვარებმა სწრაფად დნობა დაიწყეს. შვეიცარიის მყინვარების მონიტორინგის ქსელისა და შვეიცარიის მეცნიერებათა აკადემიის ანგარიშის თანახმად, 2026 წელს შვეიცარიის მყინვარებმა თავიანთი ყინულის მასის 5%-ზე მეტი დაკარგეს.  

სპეციალისტების განცხადებით, „კოლოსალური“ დნობა ზამთარში თოვლის სიმცირისა და ზაფხულში დაფიქსირებული რეკორდული ტემპერატურების კომბინაციამ განაპირობა.  ანგარიშის მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მყინვარებმა ყინულის მასის თითქმის მეხუთედი დაკარგეს.

შვეიცარიის უდიდესმა მყინვარმა, „ალეჩმა“, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დნობა განიცადა, ხოლო „ცანფლერონის“ მყინვარის საშუალო სისქე წელს ოთხ მეტრზე მეტით შემცირდა.

მეცნიერთა შეფასებით, მხოლოდ ივლისიდან სექტემბრამდე, შვეიცარიის მყინვარებმა დაახლოებით 2,2 ტრილიონი ლიტრი წყალი დაკარგეს, რაც ოთხჯერ აღემატება შვეიცარიის შინამეურნეობების მიერ სასმელი წყლის წლიურ მოხმარებას.