01 ოქტ 2026
ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედ, ე.წ. „ვარდისფერ ოქტომბრად“ არის ცნობილი. დაავადების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე გადაცემაში „ახალი დილა“ ექიმმა-რადიოლოგმა თამარ ღიბრაძემ ისაუბრა.
მისი განმარტებით, ძუძუს კიბოს მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა შემთხვევების მხოლოდ მცირე ნაწილში ვლინდება და ოჯახური ისტორიის არქონა სკრინინგზე უარის თქმის მიზეზი არ უნდა გახდეს. რადიოლოგის თქმით, სკრინინგი უსიმპტომო ქალებისთვის 40 წლიდან არის მნიშვნელოვანი, რადგან მამოგრაფიით შესაძლებელია ისეთი ცვლილებების აღმოჩენა, რომლებიც ხელით გასინჯვისას არ ვლინდება.
„გენეტიკური წინასწარგანწყობა მხოლოდ 10-15%-ში ვლინდება, ხოლო 85%-ში დაავადება ვითარდება გენეტიკური ფაქტორის გარეშე. ამერიკულმა გაიდლაინებმა ასაკობრივი ზღვარი ჩამოსწია და 40 წლიდან ითხოვს სკრინინგის დაწყებას უსიმპტომო ქალებში. მამოგრაფიით შესაძლებელია ისეთი ცვლილებების, მაგალითად, კალცინატების აღმოჩენა, რაც ხელით არ ისინჯება“, - განმარტავს თამარ ღიბრაძე.
სპეციალისტი ასევე აღნიშნავს, რომ ექოსკოპიური კვლევა მამოგრაფიას ვერ ჩაანაცვლებს და ის დამატებითი, შემავსებელი კვლევაა. მისი თქმით, ახალგაზრდა ასაკში ან მკვრივი ჯირკვლოვანი ქსოვილის დროს ულტრაბგერითი კვლევა დამატებით ინფორმაციას იძლევა.
თამარ ღიბრაძის თქმით, ბოლო წლებში სკრინინგში ქალების ჩართულობა გაიზარდა. დიაგნოსტიკის პროცესში კი თანამედროვე ტექნოლოგიებიც გამოიყენება, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც რადიოლოგს უმცირესი ცვლილებების ადრეულად აღმოჩენაში ეხმარება.
სპეციალისტი ქალებს მოუწოდებს, კვლევასთან დაკავშირებული შიშის გამო სკრინინგი არ გადადონ და ყურადღება დროულ დიაგნოსტიკაზე გაამახვილონ
„ვეტყოდი, რომ ეშინოდეთ არა კვლევის, არამედ დაგვიანების. სჯობს, რომ გამოვიკვლიოთ, ადრეულ ეტაპზე ვიპოვოთ და ვუმკურნალოთ. ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი ცვლილება 100%-ით განკურნებადია“, - აცხადებს თამარ ღიბრაძე.